დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრისთვის გადაიდო

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრისთვის გადაიდოდავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრისთვის გადაიდო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მკვლელობის საქმეში გამართლებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა განუცხადა, პროცესი პროკურორების მოთხოვნით გადაიდო.
– პროკურორმა დრო ითხოვა ჩემი დასკვნითი სიტყვისთვის რომ ეპასუხა. მისივე თქმით, არ ეყოფოდა ერთსაათიანი შესვენება პასუხის მოსამზადებლად, ამიტომ სასამართლო სხდომა 4 ოქტომბრისთვის გადაიდო, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საქმე პროკურატურამ 12 წლის შემდეგ გახსნა. 2016 წლის 26 მარტს ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მკვლელობაში გამართლებულის დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წაიკითხა.

ინტერპრესნიუსი