ეკა გიგაური – პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა მიიღოს

ეკა გიგაური - პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა მიიღოს– საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა დაამტკიცოს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს ის მოსაზრებები, რომლებიც  ვენეციის კომისიის მხრიდან მომდინარეობს.
– ვენეციის კომისია არის ის ინსტიტუცია, რომელიც მიუკერძოებლად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სთავაზობს მთავრობებს თავიანთ შეფასებებსა და მოსაზრებებს. თავიდან მმართველმა გუნდმა თქვა, რომ გაითვალისწინებს ყველაფერს, რასაც ვენეციის კომისია იტყვის. ამის გათვალისწინებით, ძალიან ყურადღებით უნდა მოეპყრონ ყველაფერს, რასაც ვენეციის კომისია იტყვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი მიიღოს მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა დაიდება, – აღნიშნა გიგაურმა.
თუმცა, გიგაურის თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლის პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
– ჩვენ ვნახეთ, რომ, ფაქტობრივად, მხოლოდ მმართველი პარტია იღებს ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან და იმედია, მაინც შესაძლებელი იქნება რაიმე დათმობაზე წავიდეს ხელისუფლება. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ერთ საკითხზე მაინც შედგებოდა კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, – აღნიშნა გიგაურმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომიისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე მასში ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ჩვენი დასკვნის საფუძველზე.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას ერთ თვეში, 6-7 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.