ელტონ ჯონის საქართველოში კონცერტები გადაიდება?

ელტონ ჯონის საქართველოში კონცერტები გადაიდება?ბოლო დღეებია, ელტონ ჯონის მიერ საქართველოში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მისი გულშემატკივრების ნაწილის ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტები არ ჩატარდება და ოქტომბრისთვის გადაიდება, ნაწილის აზრით კი კონცერტები აუცილებლდა გაიმართება.
ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მომღერლის კონცერტების თარიღები საქართველოში 16 და 17 სექტემბერი კვლავ ძალაშია. თუმცა, მათივე ინფორმაციით, ისინი ელოდებიან ექიმის დასკვნას ელტონ ჯონის მუსიკალური დირექტორისა და გიტარისტის, დევიდ ჯონსტონს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ოპერაცია გაუკეთდა. სწორედ, ექიმის ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, გადაიდება თუ არა „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ორი კონცერტი.
– მუსიკოსს და ელტონ ჯონის ძალიან დიდი ხნის მეგობარს დევიდ ჯონსტონს, რომელიც ასევე, არის მისი მუსიკალური დირექტორი და გიტარისტი, ბენდის შეუცვლელი წევრია 1972 წლის შემდეგ, პრობლემა შეექმნა ხელზე და გაუკეთდა ოპერაცია, ადევს ნაკერები და სწორედ ახლა, ამ დღეების განმავლობაში გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოში ჩამობრძანებას და კონცერტში მონაწილეობის მიღებას. დღესდღეობით, დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ კონცერტი გადადებულია და ეს თარიღებიც, 16-17 სექტემბერი, ჯერჯერობით, ძალაშია, – განუცხადა ჟურნალისტებს „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ.
კონცერტის თანაორგანიზატორის კომპანია “სოლოს წარმომადგენლის ეკა დუჩიძის განცხადებით კი, თუკი ელტონ ჯონის კონცერტები გადაიდება, ორგანიზატორები ეცდებიან, უმტკივნეულოდ ჩაიაროს ბილეთების დაბრუნების პროცესმა.
– კონცერტები ძალაშია, 16-17 სექტემბერი არ გადადებულა. თუ მოხდა ისე რომ კონცერტის გადადება მოუწია მომღერალს, ჩვენი მომხმარებლები და არამომხმარებლები არ დაზარალდებიან და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უმტკივნეულოდ ჩაიაროს ბილეთების დაბრუნების პროცესმა.