ესპანეთში 2 ქართველი დააკავეს ნარკოვაჭრობისთვის

ესპანეთში 2 ქართველი დააკავეს ნარკოვაჭრობისთვისესპანეთის პოლიციამ დააკავა ექვსი პირი, რომელთაც ინტერნეტით ნარკოტიკებითა და წამლებით უკანონო ვაჭრობაში ედებათ ბრალი. მათ შორის, ორი ქართველია. სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას ინტერპოლი უწევდა, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და მედიკამენტები. მათ შორის იყო კოკაინი და ჰეროინი, ასევე, ერექციის ფუნქციის დარღვევის სამკურნალო და გასახდომი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და ოპიოიდები. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ბარსელონაში, მადრიდში, კასერესში და ლა კორუნიეში ჩაატარეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დაკავებულების ბინებში აღმოჩენილია 27 ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი და ლიტვის ყალბი პასპორტები. ასევე, უცხოელების ესპანეთში ცხოვრებისთვის განკუთვნილი ყალბი დოკუმენტები.

ინტერნეტში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში, მთელ მსოფლიოში 400 ადამიანია დაკავებული. ამოღებულია 51 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკები და წამლები.