ზურაბ გეწაძე: „ქეთი დოლიძის შესაცვლელად უკეთესი ფორმა უნდა გამოძებნილიყო“

ზურაბ გეწაძე: „ქეთი დოლიძის შესაცვლელად უკეთესი ფორმა უნდა გამოძებნილიყო“– მას აქვს იმდენი ღვაწლი, რომ შეიძლებოდა უკეთესი ფორმა გამოძებნილიყო, – ეს განცხადება, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრის დირექტორმა, ზურაბ გეწაძემ გააკეთა.
ზურაბ გეწაძე ამბობს, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგები დასისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელი იყო ქეთი დოლიძის შესაცვლელად სხვა ფორმა მოძებნილიყო.
გეწაძის განცხადებით, ის პირადად იცნობს გიორგი სიხარულიძეს და მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა, ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მინისტრს თეატრის დირექტორის პოსტზე ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.
– ეს ინფორმაცია გამოდიოდა და ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ იყო არაფერი. მას აქვს იმდენი ღვაწლი, რომ შეიძლებოდა უკეთესი ფორმა გამოძებნილიყო და მე ასე მარკესის “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” გამახსენდა. ეს არის კონკურსი, სადაც გაიმარჯვა ერთმა და არ გაამარჯვებინეს მეორეს. რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატს გიორგი სიხარულიძეს მე მას პირადად ვიცნობ ძალიან კარგად, იმიტომ, რომ ჩვენ ჯგუფელები ვიყავით.
მე არ ვიცი დასის მხრიდან რა მოჰყვება, იმიტომ, რომ ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა, – განაცხადა ზურაბ გეწაძემ.

ნიუპოსტი