თამარ ჩუგოშვილი _ ”მარგველაშვილის სასოწარკვეთილ ნაბიჯს სერიოზულად ვერ შევაფასებ”

თამარ ჩუგოშვილი _ ”მარგველაშვილის სასოწარკვეთილ ნაბიჯს სერიოზულად ვერ შევაფასებ”პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტის მომზადებას “სასოწარკვეთილ ნაბიჯად“ აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივის სერიოზულად შეფასება უჭირს.
– ნამდვილად არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ინიციატივისთვის პასუხის გაცემა. კონსენსუსის რაღაც ახლებური განმარტებაა, როცა უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც მოსახლეობამ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აირჩია, პროცესს უნდა გამოეთიშოს და ვიღაცამ სხვამ, სადღაც კონსტიტუცია უნდა დაწეროს, როცა ამის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ასეთი რამ ძალიან აბსურდულია და სერიოზულად პასუხის გაცემა არ შემიძლია. გავიგეთ, რომ პრეზიდენტი პირველივე დღიდან, როცა არ ვიცოდით რა იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, ამ პროცესს ებრძოდა. გასაკვირი არაფერია, ამას თვეების განმავლობაში ვუყურებთ. ეს ბოლო სასოწარკვეთილ ნაბიჯადაც კი მეჩვენება და არ შემიძლია სერიოზულად შევაფასო, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ უმრავლესობამ ყველაფერი სცადა კონსენსუსის და შეთანხმების მიღწევისთვის და მოთხოვნების 90% გაითვალისწინა.
– ბოლო მომენტამდე მზად ვიყავით კიდევ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკება, მაგრამ ჩვენს მეტი მოლაპარაკება და შეთანხმება არ აწყობდა არავის – ძალით ვერავის ვერაფერზე დაითანხმებ, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

ინტერპრესნიუსი