მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის, მკვლელობის საქმეში ასლან ბეჟანიძეს სააპელაციოც გაამართლებს? – რა მოხდა 2004 წლის 27 ოქტომბერს

მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის, მკვლელობის საქმეში ასლან ბეჟანიძეს სააპელაციოც გაამართლებს? - რა მოხდა 2004 წლის 27 ოქტომბერსცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მკვლელობის საქმეში გამართლებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, შესაძლოა, განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს.
როგორც კაკაბაძე აცხადებს, „ბრალდების მხარემ ვერანაირად ვერ დაადასრტურა, რომ აღნიშნული დანაშაული ასლან ბეჟანიძემ ჩაიდინა“, ამიტომ მას გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვების მოლოდინი აქვს.
– მოწმეების ჩვენებები უკიდურესად არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივია. შესაბამისად, ამას დაეფუძნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განაჩენი ძალაში დარჩება და თბილისის სააპელაციო სასამართლოც გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს დანაშაული არ არის ჩადენილი ასლან ბეჟანიძის მიერ.
დღეს ჩვენ დასკვნით სიტყვას წავიკითხავთ, სადაც მიმოვიხილავთ საქმეში არსებულ ძირითად მტკიცებულებებს. ასევე ვუპასუხებ პროკურორის დასკვნით სიტყვას, სადაც ზერელედ, არასწორად იყო მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამ ყველაფერს სწორი თვალით დავანახებთ მოსამართლეთა კოლეგიას. ეჭვი არ მეპარება, რომ სააპელაციო სასამართლოც გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
ჩემთვის უცნობია დღესვე დადგება თუ არა განაჩენი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს დათმობილი დღევანდელი პროცესისთვის, სრულიად შესაძლებელია განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმე პროკურატურამ 12 წლის შემდეგ გახსნა. 2016 წლის 26 მარტს ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობა. თუმცა, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დასკვნითი პროცესი დღეს, 11:00 საათზეა დანიშნული.

ინტერპრესნიუსი