“მეზობლის ქალმა კარგი ქმარი მიატოვა და ჩემს უვარგის ქმარს გაეკიდა – რას გაუგებ ქალებს”

"მეზობლის ქალმა კარგი ქმარი მიატოვა და ჩემს უვარგის ქმარს გაეკიდა - რას გაუგებ ქალებს"იცით, როგორი გაკვირვებული ვარ? აი, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ! ისეთი რამ შემემთხვა, იმდენად ვარ გაოცებული, სიბრაზის თავიც კი არ მაქვს. ხან მეცინება, ხან ცრემლები მომდის, მოკლედ, არაადეკვატური ვარ. ზოგჯერ მეშინია, ასე დიდხანს არ გაგრძელდეს და არ შევიშალო.

სულ რაღაც ერთი თვის წინ მეზობლის ქალმა ქმარი წამართვა. საოცრება ის არის, რომ ამ ქალს არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა, ძალიან კარგი მეუღლე და შვილები ჰყავდა. ხშირად შევნატროდი, რა კარგი ქმარი ჰყავს-მეთქი და თურმე მას ჩემს ქმარზე არ ეჭირა თვალი?! რაში სჭირდებოდა, რად უნდოდა, რა მოეწონა მასში, ტვინს ვიჭყლეტ ფიქრით და ვერაფრით მივმხვდარვარ.

იმ ქალის ოჯახი ორი სართულით ზემოთ ცხოვრობდა. დაახლოებით ხუთი წლის წინ გადმოვიდნენ ჩვენს კორპუსში. კომუნიკაბელური ცოლ-ქმარი იყვნენ და მალევე დავუახლოვდით. უფრო მეტად კი შვილებმა დაგვაახლოვეს. უმცროსი ქალიშვილი ჩემი გოგონას სკოლაში მიიყვანეს და ძალაუნებურად ბევრი საერთო თემა გაგვიჩნდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავდიოდით ერთმანეთთან. მისი ქმარი არაჩვეულებრივი ადამიანია. გულში ვამბობდი, ნეტა, ჩემი ქმარი სულ ცოტა რამით მაინც ჰგავდეს-მეთქი. ცოლ-შვილს ხელისგულზე ატარებდა. იმ ქალს ის ყველაფერი ჰქონდა, რაზეც მე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ერთი საათიც კი არასოდეს უმუშავია. მე კი ორივე შვილი ისე გავაჩინე, რვა თვის ორსულიც ვმუშაობდი. ექვსი თვის ბავშვები დავტოვე და სამსახურში გავედი.

იმ ქალს კი მხოლოდ ის ევალებოდა, სახლისთვის მიეხედა და ქმრის მოტანილი პროდუქტებით სადილები გაეკეთებინა. პურის საყიდლადაც კი არ ჩადიოდა, ოჯახის ყველა საქმე მის მეუღლეს ჰქონდა თავზე აღებული. ასეთი მამაკაცი გაცვალა კაცში, რომელსაც ზედიზედ სამი წელი არ ექნება ნამუშევარი. მთელი ცხოვრება მე ვეწეოდი უღელს და მას მივათრევდი.

ჩემი ქმარი მისას მხოლოდ ორი რამით სჯობდა – ასაკით უმცროსი იყო და შესახედავადაც მასზე უკეთესი, თუმცა ყველა ქალი დამეთანხმება, რომ მამაკაცში ეს ორივე მეასეხარისხოვანია. მთავარი ის ღირსებებია, რაც მის მეუღლეს ჰქონდა.

ჩემს ქმარსა და მეზობლის ქალს შორის თუ რამე მოხდებოდა, ამას ალბათ ყველაზე ფანტაზიორი ადამიანიც ვერ წარმოიდგენდა – რომანი ჰქონიათ გაჩაღებული!

თურმე ამბობენ, სიყვარულის წინაშე უძლურნი აღმოვჩნდითო. რა ვქნა, ამაზე ძალიან მეცინება. რა სიყვარული! არ მახსოვს, ჩემს ქმარს ზედმეტი ემოცია გამოეჩინა ჩემ მიმართ. მაშინაც კი თევზივით იყო, როცა შეყვარებულები გვერქვა, მერე ხომ – საერთოდ. ახლა რა დაემართებოდა, რატომ გაგიჟდებოდა, არ ვიცი.

დამცირება და შერაცხყოფა რომ არა, სახლიდან მისი წასვლა არც მეწყინებოდა. შეიძლება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის უკეთესიც იყოს. იმ ქალის ქმარი კი ძალიან მეცოდება. ის ბინა დაკეტა და შვილებთან ერთად მშობლების სახლში გადავიდა.

ვიცი, რომ ძალიან უჭირს. დალაპარაკება ვცადე, მაგრამ მომიბოდიშა, რაც შენს ქმარს გამახსენებს, ყველაფერთან კავშირის გაწყვეტა მინდაო. ასეთი ადამიანი რომ მყოლოდა გვერდით, ყოველდღე ფეხებს დავუკოცნიდი, მისმა ცოლმა კი მიატოვა და ჩემს უვარგის ქმარს გაეკიდა.

მითხარით, რაც მოგიყევით, საოცრება არ არის? მართლაც, რას გაუგებ ქალებს.

“სარკის” მკითხველი