მეუფე დიმიტრი – ”მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილს დაასხა წყალი”

მეუფე დიმიტრი - ”მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილს დაასხა წყალი”ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ მკვლელობის მომზადების ბრალდებით გასამართლებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა.

“ჩვენ გამყარებული საკითხები ვერაფრით ვერ დავინახეთ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რასაც საზოგადოება და ჩვენც ვსვამთ, არის ის, რომ რა შუაში იყო საერთოდ შორენა თეთრუაშვილი და ვთქვათ მისი მკვლელობა. დამეთანხმებით ძალიან გაურკვეველი იყო და დღემდე კითხვებს აჩენს.

ვიტყოდი, რომ ჩვენი დაკითხვის დროს, სასამართლოში არაპირდაპირი მნიშვნელობით, ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ ზეწოლა იყო იმისთვის, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი წყვეტს ეკლესიის საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადამიანის წინსვლა, ან საერთოდ დააბრკოლოს და ა.შ.

სასამართლოზე განვაცხადე, რომ ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, ეს შეურაცხყოფაა პატრიარქის, რადგან ეკლესიას მართავს სინოდი.

ყოფილა შემთხვევა წმინდა სინოდის სხდომების დროს, როდესაც მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ რომელიღაც კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, სინოდი წასულა წინააღმდეგი და ეს ვერ განხორციელებულა. მოტივაცია, რომ ეს შურისძიებით მოხდა, მანამდე ჩვენ ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მყარი ვერ არის.

მინდა გითხრათ, რომ ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა, რომ შორენა არის მძლეთა-მძლე და ის არის ყველა გადაწყვეტილების მიმღები.

ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რაც პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.