ნანუკა გულუა: “კრივმა სილუეტი ძალიან დამიხვეწა… არასოდეს ვიქნები ისეთი მსუქანი, როგორიც ვიყავი!”

ნანუკა გულუა: "კრივმა სილუეტი ძალიან დამიხვეწა... არასოდეს ვიქნები ისეთი მსუქანი, როგორიც ვიყავი!"ნანუკა გულუას სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” თავისი პერსონაჟი, დოჩი, პიროვნულად მოსწონს, მაგრამ მისი ჩაცმულობა, ვარცხნილობა – ნაკლებად. საკუთარი სტილისა და გამოვნების შესახებ ის ჟურნალ “სარკეს” უყვება.

— რამ გააჩინა ქალური ინტერესები?

– კარგად არ მახსოვს, ეს გარდატეხა რის გამო მოხდა. მგონი, ვიღაც შემიყვარდა თუ ვიღაცას ვეპრანჭებოდი. შევიცვალე გარდერობი, საპრანჭავი რაღაცები ვიყიდე, მაკიაჟის კეთება დავიწყე, ვარცხნილობა შევიცვალე.

მანამდე სპორტული, თავისუფალი სტილი მქონდა, მერე ჩემს ცხოვრებაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც გაჩნდა, ფერადი სამოსიც.

— მას შემდეგ “ჩავარდნა” აღარასოდეს გქონიათ?

– გამორიცხულია, მოუწესრიგებლად პურის საყიდლადაც კი არ ჩავალ! ჩემი თავი უნდა მომწონდეს, თორემ მერე ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. ეს შეგრძნებები არც მიყვარს და არც მომწონს. ჩემთვის სულერთი ნამდვილად არ არის, როგორი ჩაცმული გავალ ან როგორი მაკიაჟი მექნება.

ძალიან კლასიკური სტილი არც ახლა მაქვს, მაგრამ ქალური ელემენტები მაინც ყოველთვის არის ჩემს სამოსში, ასევე მაკიაჟშიც. მიყვარს მკვეთრი ტუჩსაცხი, წითელი თითქმის ყოველდღიურად მისვია. რუჯი აუცილებლად მაქვს, ეს ჩემი ახირებაა.

— მერე ეს კანზე არ გიქმნით პრობლემებს?

– მიუხედავად იმისა, რომ მშრალი ტიპის კანი მაქვს, პრობლემა არასდროს მქონია. კანი სხეულზეც და სახეზეც სულ მოწესრიგებული მაქვს.

— როგორ უვლით მშრალ კანს?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ნიღბებს გართობის მიზნით ვიდებ. თუმცა მაკიაჟის ქვეშ დამცავ ბაზას აუცილებლად ვისვამ, ასევე მკვებავ საცხსაც.

— ნიღბებს შინაური რეცეპტებით ხომ არ ამზადებთ?

– ნათესავმა ნიღბების გამოგონება იცის. როცა ჩემთან სტუმრად მოდის, ხან კვერცხით აკეთებს, ხან მაიონეზით, ხან შვრიის ფაფით.

ამას წინათ გადასარევი ნიღაბი მასწავლა, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ. კარტოფილის პიურეს ბევრი კარაქი უქენით. ცოტა რომ გაგრილდება, სახეზე წაისვით და 1 საათი გაიჩერეთ. ჩემს კანს ძალიან მოუხდა.

— ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ?

– ზოგჯერ ვვარჯიშობ, საკვებს ვაკონტროლებ, ადრე ვიძინებ, მაგრამ მაქვს ქაოსური პერიოდებიც, როცა ღამეც ძალიან გვიან ვიძინებ, ვარჯიშსაც ვერ ვახერხებ, მაგრამ ეს არ ეხება კვებას. თუ 2-3 დღე სწორი კვების რეჟიმიდან ამოვვარდი, ან ცოტა ზედმეტი მომივიდა, ან ისეთ რაღაცებს დავაგემოვნებ, რაც არ მეკადრება, მაშინვე დიეტას ვიწყებ.

ერთადერთი, რაზეც შემიძლია, სიტყვა “არასდროს” გამოვიყენო, ჩემი ძველი წონის დაბრუნებაა. არასოდეს ვიქნები ისეთი მსუქანი, როგორიც ვიყავი! იმის ნებისყოფა ყოველთვის მექნება, რომ საკუთარი თავი დავიჭირო.

— რა ტიპის ვარჯიშებს მიმართავთ?

– ვარჯიშის რაიმე სახეობა თუ არსებობს, ყველაფერი გამოცდილი მაქვს – კრივიდან დაწყებული იოგათი დამთავრებული.

— რომელი აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური?

– როცა 50 კილო დავიკელი, კანი მოშვებული და დარბილებული იყო. პილატესი დამეხმარა, რომ დარბილებული სხეული შეეკრა. მერე უკვე მკლავების პრობლემა გაჩნდა. კრივმა მკლავის ფორმა და სილუეტი ძალიან დამიხვეწა.

არ მიყვარს ნავარჯიშები, დაკუნთული სხეული. მე ისეთი მასა მქონდა, შესაძლებელი იყო, ეს სქელ კუნთებში გადასულიყო, ამიტომ ისეთი ვარჯიში მჭირდებოდა, რომელიც კუნთს თხელ სილუეტს მისცემდა, ცხიმს დაადნობდა. ამაში იოგა ძალიან დამეხმარა.

პრინციპში, ვარჯიშის დროს სიამოვნებას ვერასდროს ვიღებდი. ტრენაჟორებიდან ძალიან გაუბედურებული გამოვდიოდი. იოგას გარდა, სიამოვნებით სპორტის ვერც ერთ სახეობას მივყვებოდი. იოგა არ მღლიდა, გულს არ მიჩქარებდა და არც უბედურების შეგრძნება მქონდა.

— თქვენი აზრით, რითი გამოიხატება ქალურობა?

– ჩემისთანა ქალზე ვერ ვიტყვი, უი, როგორი ქალურია-მეთქი, რადგან ის მანერები, ის ტემპი და სინაზე არ მაქვს, რომელიც, ჩემი აზრით, ქალურობას უნდა ახასიათებდეს. ძალიან ხმამაღლა ვიცინი, ხმაურიანი, როხროხა ვარ. ამოჩემებული მანერა მაქვს – თმის ჩეჩვა.

სერიალში გრიშა კაკაჩიას ცოლის, ლუდას, როლის შემსრულებელ მსახიობზე ვთქვი, როგორი ქალურია-მეთქი. მისი თითოეული მანერა, სიტყვა, გამოხედვა, გაღიმება იმდენად ნაზი, კეკლუცი იყო, გავგიჟდი. ასეთებმა იციან, ფინჯანი როგორ დაიჭირონ, ღვინო როგორ დალიონ, როგორ ისაუბრონ, როგორ გაიცინონ. სამწუხაროდ, მათ რიცხვში ნამდვილად არ ვარ.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”