რას გულისხმობდა ბაღის ხელმძღვანელი მარინა გოგოლაძე „ინკლუზიურ ბავშვში” და რას აცხადებს 3 წლის გოგონას მკურნალი ექიმი

რას გულისხმობდა ბაღის ხელმძღვანელი მარინა გოგოლაძე „ინკლუზიურ ბავშვში” და რას აცხადებს 3 წლის გოგონას მკურნალი ექიმი3 წლის გოგონა, რომელიც 206-ე ბაგა-ბაღის მე-2 სართულიდან გადმოვარდა, ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და რამდენიმე წუთში გამოკვლევებს განმეორებით ჩაუტარებენ. პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „კვირას“ გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, თინა იმერლიშვილმა განუცხადა, ბავშვს ფილტვი აქვს დაზიანებული და ამ დრომდე „დრენაჟი” აქვს ჩადგმული.

„ბავშვი კლინიკის მიმღებ განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში მოიყვანეს. ფილტვი აქვს დაზიანებული, მას დრენაჟი აქვს ჩადგმული და მცირე რაოდენობის სისხლი ამ დრომდე მოდის. ბავშვს დამატებითი გამოკვლევები რამდენიმე წუთში უნდა ჩავუტაროთ. ამ დროისათვის შოკის მდგომარეობა მოხსნილია“, – აცხადებს თინა იმერლიშვილი.
მისივე განმარტებით, პაციენტი ამჟამად კლინიკის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„კვირა“ დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, როცა განაცხადა, რომ ბავშვი ინკლუზიურია.
„ბავშვი ფიზიკურად იმდენად კარგად გამოიყურება, რომ თავის ასაკს ასწრებს. როგორც დედამ გვითხრა, 3 წლის ბავშვს საუბარი უჭირს, სმენის პრობლემა არ აქვს. აბსოლუტურად კარგი სმენა აქვს“, – აღნიშნა თინა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილის საათებში 206 -ე ბაგა-ბაღის მე-2 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბაღის დირექტორმა მარინა გოგოლაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ბავშვი იყო ინკლუზიური და ყოველდღე ცდილობდა გადმოხტომას. დღეს დააგვირგვინა”, – განაცხადა დირექტორმა „კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, „ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადარჩა”.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

კვირა.გე