რა დაჯდება საპენსიო რეფორმა? – მთავრობა გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯს ასახელებს

რა დაჯდება საპენსიო რეფორმა? - მთავრობა გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯს ასახელებსპირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო საპენსიო სისტემის ამოქმედების შედეგად, ბიუჯეტს ხარჯი 90 მლნ ლარზე მეტით გაეზრდება.
როგორც ცნობილია, შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად განახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში, 6%-ს უტოლდება.
მთავრობაში ამბობენ, რომ საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა კანონ-პროექტის საჯარო განხილვებს სხვადასხვა ჯგუფებთან დახურულ ფორმატში მართავს, მაგრამ დრაფტი ჯერჯერობით, საჯარო არაა, თუმცა როგორც ქუმსიშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა, საპენსიო სისტემაში ჩართვა მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავალდებულო იქნება, ნაწილისთვის კი – ნებაყოფლობითი.
„საქმის კურსის“ ინფორმაციით, საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
რაც შეეხება კერძო სექტორის ანუ დამსაქმებლების პოზიციას, რადგან რეფორმის ამოქმედების შედეგად, ხარჯი მათაც ეზრდებათ (დასაქმებულის ხელფასის 2% დამსაქმებელს შეაქვს საპენსიო ანგარიშზე), ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ „შეიძლება ეს იყოს დამატებითი დატვირთვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას უბრუნდება“.
– ბიზნესს შეიძლება, გადასახადების გადახდაც არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არაა გადასახადი. თან ბიზნესს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ გადასახადი თუ არ გადაიხადა კერძო სექტორმა, ქვეყანას სოციალური და კაპიტალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნება და მეორეს მხრივ, ის, ვინც არ იხდის გადასახადებს, არაკონკურენტულ გარემოშია. ამიტომ ამ მიმართულებით, დღეს გვაქვს საუკეთესო კოოპერაცია ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ასეთივე კოოპერაცია იქნება საპენსიო რეფორმის მიმართულებით, რადგან საბოლოო ჯამში, ის დანაზოგები, რომელსაც ჩვენ შევქმნით საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოხმარდება მოქალაქეებს, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ბიზნესმედია