ხათუნა ხოფერია: ”გია ჟორჟოლიანი მეგობრობს ირაკლი პეტრიაშვილთან, რომელიც ივანიშვილს ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს”

ხათუნა ხოფერია: ”გია ჟორჟოლიანი მეგობრობს ირაკლი პეტრიაშვილთან, რომელიც ივანიშვილს ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს”გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილის შტაბის წევრმა ხათუნა ხოფერია ყველას – მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც – მოუწოდებს, რომ ნუ ჩართავენ შვილებს ბინძურ თამაშებში.

ამის შესახებ მან „პირველთან“ საუბარში აღნიშნა.

– მე მინდა მივმართო პეტრიაშვილსაც, გია ჟორჟოლიანსაც, ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მოწინააღმდეგეს, რომ ამ თამაშებში შვილებს ნუ ჩავრთავთ, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

ასევე, ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილის შტაბი ერთ- ერთმა მხარდამჭერმა პროტესტის ნიშნად დღეს დატოვა და განცხადებები გააკეთა დავით ოქიტაშვილის მიმართ.

– გიგა ქურხაშვილი საკმაოდ აქტიური ბიჭი იყო. დაახლოებით 4 დღის წინ მოვიდა ძალიან შეშფოთებული და შეშინებული და გვითხრა, რომ დაიბარა პეტრიაშვილის ცოლისძმამ, რომელიც ყოფილი მთავრობის დროს ერთ-ერთი უწყების თანამშრომელი იყო და გვითხრა, რომ ეს პიროვნება დაემუქრა – უთხრა, რომ ფეხებს დაამტვრევს, თუ ოქიტაშვილის გვერდით იდგებოდა. გიგამ პირდაპირ მოგვთხოვა, რომ მინდა დამიცვათო, რადგან ძალიან შეშინებული ვარო. ჩვენ რა თქმა უნდა რეაგირება მოვახდინეთ ამ ფაქტზე. დავუკავშირდით პრესას და პარალელურ რეჟიმში გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა ის პირი, ვინც განახორციელა ზეწოლა.

ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს პიროვნება დღესაც დასაქმებულია ერთ-ერთ სტრუქტურაში. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ბევრი კითხვის ნიშნები ისმებოდა ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავუკავშირდით პრესას და შევაჩერეთ ამ თემის წამოწევა. ორი დღე არ იყო გასული, ეს ბიჭი მოვიდა და გვითხრა, რომ “მე გავარკვიეო, თქვენ რომ ამბობდითო პეტრიაშვილს ხელისუფლების მხრიდანო მხარდაჭერა აქვსო, გავარკვიეო, რომ მას გია ჟორჟოლიანი უჭერს მხარსო”. ჩვენ დიდად ამას არ მივაქციეთ ყურადღება იმიტომ, რომ დავითს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ამ ეტაპზე. მაგრამ ამ ბიჭმა არ მოგვასვენა და სტატუსი დაწერა ამასთან დაკავშირებით, რომელიც დათომ გადაუგზავნა.

დღეს დილით დათო ოქიტაშვილმა სმს შეტყობინება გაუგზავნა გია ჟორჟოლიანს, სადაც იმ ბიჭს გადაუგზავნა. იგივე ტექსტი იყო მითითებული. ჩვენ დავინტერესდით გია ჟორჟოლიანს თუ ჰქონდა რაიმე შეხება პროფკავშირებთან და გავარკვიეთ, რომ ის საკმაოდ ახლობელია არამარტო პეტრიაშვილის, არამედ ბლიაძის. ასევე ახლობელია ერთ-ერთი დარგის ხელმძღვანელის. მოკლედ გავარკვიეთ რომ ეს ადამიანი მართლაც ძალიან მეგობრობს პროფკავშირებთან.

და დათომ მიწერა, რომ “მესმის მე რომ არ მიჭერთ მხარსო, მაგრამ პეტრიაშვილს როგორ უჭერთო?! ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს ფაქტიო. რადგან პეტრიაშვილი ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენიებსო თქვენს ლიდერსო ბიძინა ივანიშვილსო და თქვენი გამკვირვებია, პეტრიაშვილი რატომ გინდათო?!”.

ამის შემდეგ 4 საათზე ჩატარდა ბრიფინგი, სადაც სრულიად მოულოდნელად გააკეთა ამ ახალგაზრდამ განცხადებები. პირველი პროვოკაცია იყო დაკავშირებული მისდამი მუქარაზე, რომელიც არ მივიღეთ და რეაგირება არ მოვახდინეთ, ხოლო მეორე პროვოკაცია იყო გია ჟორჟოლიანის მიმართ, რომ ის პეტრიაშვილთან მეგობრობს, რაც გარკვეულწილად დადასტურდა, – განაცხადა “პირველთან” საუბრისას ხათუნა ხოფერიამ.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილის შტაბი ერთ- ერთმა მხარდამჭერმა პროტესტის ნიშნად დატოვა. გიგა ქურხაშვილი ოქიტაშვილს ბინძურ კამპანიაში ადანაშაულებს და იმ გეგმაზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც დავით ოქიტაშვილი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

პრესკონფერენციაზე გიგა ქურხაშვილმა ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, სადაც დავით ოქიტაშვილი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემდეგ ის თანამდებობას ხათუნა ხოფერიას დაუთმობდა და თვითონ კულტურის სამინისტროში გადაინაცვლებდა.

გუშინ, საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ დავით ოქიტაშვილის კანდიდატურას უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, ორი კანდიდატურაა წარმოდგენილი: ირაკლი პეტრიაშვილი და დავით ოქიტაშვილი.

პირველი