“ცოლი ზოგჯერ დედას მაგინებს”

"ცოლი ზოგჯერ დედას მაგინებს"52 წლის დავითი ასეთ ამბავს ყვება:

– 25 წელია, დაქორწინებული ვარ. მე და ჩემს მეუღლეს სამი ვაჟი გვყავს: 24, 22 და 8 წლის. ჩვენს ოჯახში კონფლიქტი და ჩხუბი სისტემატურად ხდება. ეს უკვე ჩვევაში გადაგვივიდა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩხუბობს ცოლი, ყვირის, ილანძღება, იწყევლება და ხანდახან დედასაც კი მაგინებს. მას ჩემი არაფერი მოსწონს, გამუდმებით მაკრიტიკებს და ნებისმიერი ჩემი სიტყვა თუ ქცევა აღიზიანებს.

მე ვცდილობ, არ შევეპასუხო, ძირითადად ჩუმად ვარ, მაგრამ, საკმარისია, ხმა ამოვიღო, რომ მეუღლე უარესად ანჩხლდება, ბავშვებსაც კი არ ერიდება. მე არ ვეწევი, არ ვსვამ და, საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ. ცოლს ესეც აღიზიანებს და მეუბნება, რომ ჯობდა მომეწია კიდეც და დამელია, იქნებ ამის წყალობით მეგობრები მყოლოდა და სახლში სტუმრები მოსულიყვნენ. ცოლი ამბობს, რომ ერთმანეთისთვის შეუფერებლები ვართ და უნდა დავშორდეთ. რა გავაკეთო, ცოლს ჩხუბში ავყვე თუ სიმშვიდე შევინარჩუნო?