დავით უსუფაშვილი: „ამ არჩევნებით ქვეყანა წინ ვერ წავიდა“

დავით უსუფაშვილი: „ამ არჩევნებით ქვეყანა წინ ვერ წავიდა“ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებში დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა.

– ჩვენი ქვეყნის წინსვლა უკავშირდება თავისუფლებას არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ მეტად შეზღუდული მოქალაქეები, რომლებსაც არჩევანის თავისუფლება ჰქონდათ შეზღუდული. ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს უკეთესი, ვიდრე 2012 წელს, ვერ გვამშვიდებს. სწორედ იმიტომ დავაღწიეთ თავი წინა რეჟიმს, რომ ყოფილიყო მეტი თავისუფლება, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება “შენების მოძრაობის” შედეგებს, უსუფაშვილის თქმით, შედეგები დამაკმაყოფილებელია.

– ჩვენ 17 მუნიციპალიტეტში ვმონაწილეობდით და აქედან 8-ში გვეყოლება საკრებულოს წევრები, – აღნიშნა “შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ.

– ჩვენი ამოცანები შევასრულეთ, მაგრამ “შენების მოძრაობა” კმაყოფილი იქნება მაშინ, როცა ქვეყანა წავა წინ. ამ არჩევნებით ქვეყანა წინ ვერ წავიდა. თვითმმართველობა დამარცხდა, რადგან ჩვენ მივიღეთ ფორმით არჩეული, მაგრამ შინაარსით დანიშნული მერები. 2020 წლისთვის “შენების მოძრაობა” გაცილებით უკეთესად იქნება მომზადებული, – აღნიშნა უსუფაშვილმა.