თორნიკე მამალაძე: “მამა გიორგი მამალაძე გაწირეს”

თორნიკე მამალაძე: "მამა გიორგი მამალაძე გაწირეს"გასულ კვირას სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ციანიდის საქმეს შეისწავლის.
აქამდე სინოდის წევრები აცხადებდნენ, რომ სრულად ენდობოდნენ პროკურატურას.
სინოდის ბოლო გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა იმედი, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებულმა მამა გიორგიმ შესაძლოა, თავისი უსამართლობის დამტკიცება შეძლოს.
საზოგადოების იმედიანად განწყობილი ნაწილისგან განსხვავებული მოლოდინები აქვს დეკანოზის ოჯახს. მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძე, “ახალ თაობასთან” საუბარში არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პიარია და მეტი არაფერი.
რატომ არ სჯერათ გამოძიების, ვინ და რატომ გაწირა დეკანოზი, სად აპირებენ სიმართლის ძებნას, ვინ ცდილობს ოჯახის დაშინებას, შეხვდება თუ არა მეუფე დიმიტრი მამა გიორგი მამალაძეს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” თორნიკე მამალაძე ესაუბრება.
– სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოში შეიქმნება კომისია, რომელიც ციანიდის საქმეს შეისწავლის. საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ ეს საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს. როგორია თქვენი მოლოდინი?
– ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში. კომისიაში ობიექტურად განწყობილი ადამიანები თუ იქნებიან, შეიძლება რამე შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ კომისიაში მეუფე იაკობი, შორენა თეთრუაშვილი და ის პირები შევლენ, რომლებსაც არ აწყობთ სიმართლის დადგენა, არაფერი შეიცვლება. მეტიც, გაგრძელდება უსამართლობა.
– თუ არაფერი შეიცვლება და სინოდის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია იგივეს იტყვის, რაც პროკურატურამ თქვა, რა საჭირო იყო მისი შექმნა? საპატრიარქომ ერთხელ უკვე გამოუცხადა ნდობა საგამოძიებო უწყებას.
– ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს კითხვა იმ პიროვნებებს უნდა დაუსვათ, ვისი ინიციატივითაც იქმნება ეს კომისია. ეს კომისია თუ იგივეს გაიმეორებს, რასაც პროკურატურა ამბობს, მაშინ ეს ყველაფერი კეთდება პიარისთვის – საპატრიარქოს სახელის და ავტორიტეტის შენარჩუნება სურს.
ეს ჯანსაღი სურვილია, მაგრამ საპატრიარქო ავტორიტეტს ვერ შეინარჩუნებს თუ ზოგიერთი ადამიანი ისევ დარჩება თანამდებობაზე. მათ გამო საპატრიარქოს რეიტინგი სულ უფრო დაბლა დაიწევს.
– მამა გიორგიმ არაერთხელ ითხოვა მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა. მიტროპოლიტის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ის აუცილებლად მოინახულებს დეკანოზს. ბოლოს ასეთი განცხადება რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. როდისთვის არის ეს შეხვედრა დაგეგმილი და რატომ გაჭიანურდა ეს შეხვედრა?
– როდესაც მამა გიორგის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ჩემს ძმას მოინახულებდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეუფეს მეუღლე გარდაეცვალა და მამაოს მონახულება ვეღარ შეძლო.
რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე შეხვდებოდა მამა გიორგის. ცოტა ხანში ითქვა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ხერხემალი აწუხებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შევა.
აქედან გამომდინარე მე არ შემიძლია იმის თქმა, როდის შედგება ეს შეხვედრა. ვიცი ის, რომ მიტროპოლიტი შეხვედრაზე თანახმაა. ჩემი ძმა მასთან შეხვედრას ელოდება. მამა გიორგი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას დაკავების დღიდან ითხოვს.
– მამა გიორგის არც სხვა სასულიერო პირები ხვდებიან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ის გაწირეს. არც საპატრიარქოს გაუკეთებია მის მიმართ რაიმე მხარდამჭერი განცხადება. არადა რამდენიმე დღის წინ სოსო ოხანაშვილის ჩვენება გასაჯაროვდა, სადაც ნანა კაკაბაძეზე იყო საუბარი. საპატრიარქომ კაკაბაძის მხარდასაჭერად მეორე დღესვე გააკეთა განცხადება.
– ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საპატრიარქოს ის ხალხი მართავს, რომლებიც ნანა კაკაბაძეს და ირმა ჭკადუას იცავენ, სამაგიეროდ, ხმას არ იღებენ მათი ძმის, მამა გიორგის მხარდასაჭერად.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის საპყრობილეში არ მოინახულეს, არადა ის ითხოვდა, შემხვდით და მნახეთო. ადამიანი ელემენტარულად ზიარებას იხვეწებოდა, მაგრამ არ აზიარეს. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მამა გიორგი გაწირეს.
– მამა გიორგი რომ გაწირეს, ამაზე აღარავინ დავობს, მაგრამ რა არის მიზეზი, რატომ გაწირეს დეკანოზი?
– გაწირეს იმის გამო, რომ მან საპატრიარქოში არსებული რაღაც ფაქტები ამოატივტივა. რაღაც ძალებს არ უნდოდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვისაც გამხდარიყო ცნობილი.
ნანა კაკაბაძის დასაცავადაც აქვთ მიზეზები. იმისთვის, რაც სოსო ოხანაშვილმა ჩვენებაში ისაუბრა, წლების წინ მეც მომიკრავს ყური. ჭორის დონეზე ყველამ იცის, რომ საპატრიარქო პატიმრების შეწყალებაში მონაწილეობს. იციან, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებენ, რადგანაც ეშინიათ, ფინანსები არ შეუწყდეთ. ეს ადამიანები საკუთარ ჯიბეებს და თავებს უფრთხილდებიან.
– არის თუ არა რაიმე წინსვლა თქვენს მეორე ძმასთან დაკავშირებით, რომელსაც ცოტა ხნის წინ უცნობი პირი სახლში შეუვარდა და ფულს სთხოვდა. შსს-მ ამ ფაქტზე საქმეც აღძრა.
– ამ საქმეზე რა ხდება და როგორც გვეუბნებიან, მიმდინარეობს გამოძიება. ამდენი ხნის მანძილზე ის პიროვნება ვერ დაადგინეს, ვინც ჩემს ძმას დაესხა თავს. არადა ამის გაკეთება სულაც არ იყო ძნელი, ირგვლივ სულ ვიდეო-კამერებია.
ამდენი ხნის მანძილზე რომ თავდამსხმელის ვინაობა ვერ დაადგინეს, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ოჯახის დაშინებას ემსახურებოდა. გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ მამა გიორგის ოჯახი დააშინონ და გააჩუმონ.
– ოჯახის პოზიცია როგორია ამაზე?
– ჩვენ არ გვეშინია და არ გავჩერდებით. მამა გიორგი დამნაშავეც რომ იყოს, მაინც არ მივატოვებდით, იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის წევრია. მით უმეტეს, არ მივატოვებთ მაშინ, როცა ვიცით, რომ ადამიანი უდანაშაულოა.
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს.
– საქართველოში სამართლის პოვნის იმედი გაქვთ? მამა გიორგის ადვოკატები ფიქრობენ, რომ სამართლის საძებნელად სტრასბურში მოუწევთ წასვლა.
– საქართველოში სიმართლის პოვნა შეუძლებელია. ელემენტარულად სამართლიანობას ეკლესიაშიც კი ვეღარ იპოვი და ასეთ დროს რა უნდა მოსთხოვო სასამართლოს. პირადად მე არ მჯერა, რომ საქართველოში სამართალს ვიპოვით. აქ გავივლით ყველა ინსტანციას, როგორც წესია, შემდეგ წავალთ სტრასბურში. ობიექტურ გადაწყვეტილებას ევროსასამართლო გამოიტანს.