ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე – კახა კალაძის სავარაუდო მოადგილეები

ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე - კახა კალაძის სავარაუდო მოადგილეებიმედიაში უკვე სახელდება კონკრეტული გვარები, რომლებიც დედაქალაქის მერიაში კახი კალაძის მოადგილეების პოსტს დაიკავებენ.

თბილისის ახლადარჩეული მერის მოადგილეები, სავარაუდოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე იქნებიან.

მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ. სწორედ მათ მოამზადეს თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული და ეკოლოგიური მიმართულების პროგრამები.

ხმალაძე ამ ეტაპზე მისი ვიცე-მერობის შესახებ გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს. მისი თქმით, ყველაფერი 12 ნოემბრის შემდეგ გადაწყდება, როცა კალაძე უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგება.

– ჩემს ვიცე-მერობას არ დავადასტურებ. ბატონ კახას ირგვლივ ბევრი პროფესიონალი კადრი ჰყავს. ჩვენი მთავარი პრინციპია გავაკეთოთ ის, რაც ქალაქისა და გუნდისთვის იქნება მნიშვნელოვანი, – აცხადებს ხმალაძე.

თანამდებობის შეთავაზებას უარყოფს გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძეც.

– მთავარია, ეფექტიანად მოხდეს იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნა წარდგენილი. ბუნებრივია, ამისთვის საყრდენი იქნება ის კომპეტენტური კადრები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ჩვენ ღია ვიქნებით ახალი და კომპეტენტური კადრების თვალსაზრისითაც, – ამბობს ბითაძე.

ნიუპოსტი