მამა გიორგი მამალაძე – “მეუფე იაკობი მრისხანებას ვერ მალავდა, როდესაც მე საპატრიარქოს ქონების მართვა დამავალა უწმინდესმა… მე ველოდები მეუფე დიმიტრის”

მამა გიორგი მამალაძე - "მეუფე იაკობი მრისხანებას ვერ მალავდა, როდესაც მე საპატრიარქოს ქონების მართვა დამავალა უწმინდესმა... მე ველოდები მეუფე დიმიტრის"რეალური დანაშაული თუ დანაშაულებრივი გეგმა ეკლესიის დასამორჩილებლად – საუკუნის საქმე, რომელიც საქართველოს ისტორიაში 21-ე საუკუნის საპატრიარქოს სკანდალის სახელით შევა. თუმცა, რამდენად იყო ეს მხოლოდ საეკლესიო და არა პოლიტიკური ინტერესის საგანი, ამას დრო გვიჩვენებს, ერთი რამ ფაქტია, ციანიდის საქმემ საზოგადოებაში კითხვები დატოვა, რომელზეც სასამართლოს ამ დრომდე პასუხები არ გაუცია.

სამაგიეროდ, საზოგადოებისთვის მოულოდნელად დღის სინათლეზე გამოვიდა საპატრიარქოში არსებული საკითხები, რომლებზეც ღიად უკვე მაღალი სასულიერო იერარქებიც საუბრობენ.

,,ციანიდის საუკუნის საქმე” და დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც დღეს მსჯავრდებულია.

,,ნიუპოსტმა“ მამა გიორგისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დეკანოზი იმედს იტოვებს, რომ ამ საქმეს ნათელი აუცილებლად მოეფინება. მამა გიორგი საქმეში არც პოლიტიკურ ინტერესს გამორიცხავს და არც სპეცსამსახურების კვალს საპატრიარქოში…

– „ჩვენ მოვახერხეთ, სასამართლოზე ჩემი უდანაშაულობის დადასტურება“ – ამის შესახებ თქვენ ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებას განუცხადეთ, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ გამარჯვებაში და როგორ აფასებთ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას?

– მე გამარჯვება არ მიხსენებია. მე ვთქვი, რომ ადვოკატებთან ერთად, სამართლებრივად სასამართლოზე ჩემი უდანაშაულობა დავადასტურეთ, გავაბათილეთ პროკურატურის ყველა ბრალდება. ეს სასამართლო სხდომის ოქმში კარგად ჩანს. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს ძალიან ძლიერი იყო მასზე ზეწოლა.

– ციანიდის საქმის ირგვლივ საზოგადოებაში დღითიდღე ჩნდება ვარაუდი, რომ თქვენ არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლი ხართ. თქვენი აზრით, ვის ან რა ინტერესს შეეწირეთ?

– როგორც აღმოჩნდა არაერთი მხარის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს ამ მზაკვრულ გეგმაში.

– მზაკვრული გეგმა ახსენეთ და სწორედ ამ გეგმაში მოიაზრებენ შორენა თეთრუაშვილს, თქვენ არ ხართ პირველი ვინც მას უპირისპირდება. ეპისკოპოსების უმრავლესობისთვის მიუღებელია პატრიარქის მდივან-რეფერენტის „განუზომელი ძალაუფლება“. თუკი ეს ასეა, მაშინ რატომ სდუმან მაღალი სასულიერო იერარქები?

– დღეს ეკლესიის წიაღში ყველამ იცის, ვინ რას წარმოადგენს. შორენა თეთრუაშვილის საკითხი არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით დამთავრდება. იმედია ერთ დღეს ეყოფათ გამბედაობა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ.

– შორენა თეთრუაშვილი თავის ჩვენებაში ყვება, რომ მას თქვენი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. არსებობდა თუ არა თქვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა და იყო თუ არა ის თქვენთან დაპირისპირებული პირი?

– შორენა თეთრუაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა რასაკვირველია გვქონდა, თუმცა არა ისეთი, რის გამოც სასიკვდილოდ შეიძლება გაიმეტო ადამიანი.

– საზოგადოებას აქვს ლოგიკური კითხვა: პატრიარქის უდაო ავტორიტეტიდან, ეკლესიისა და ერის წინაშე მისი დამსახურებიდან გამომდინარე, რატომ ვერ უმკლავდება მისი უწმინდესობა იმ პრობლემებს რაც უკვე აშკარაა და სერიოზულად დაგროვილია საპატრიარქოში? (პატრიარქის განცხადებები ხშირ შემთხვევაში თქვენი მხარდამჭერიცაა, თუმცა ეს ქმედებებში არ ასახულა).

– უწმინდესი ბრძენი ადამიანია. მან ყველაფერი დაზუსტებით იცის. ის სიმშვიდითა და მოთმინებით ელოდება დროს, როდესაც ის იტყვის თავის სათქმელს.

– არსებობს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის ანდერძის გამო ხდება, თქვენ თუ ეთანხმებით ამ ვარაუდს?

– პატრიარქის ანდერძზე ჩემი მხრიდან საუბარი უზნეობა იქნებოდა. მისი უწმინდესობა ჩვენთან არის და დღეგრძელი იყოს.

– როგორც ირკვევა, პატრიარქმა დაჟინებით მოითხოვა თქვენი ბათუმის ეპარქიიდან საპატრიაქროში გადმოყვანა. თქვენ საპატრიარქოში დარღვევები აღმოაჩინეთ, მოასწარით ილია მეორესთვის არსებული სურათის გაცნობა? და ზოგადად საპატრიარქოს ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლისას მათში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები თუ იკვეთებოდა?

– საპატრიარქოში უწმინდესის სურვილით გადმოვედი. დარღვევები მრავლად აღმოჩნდა სისტემაში. ნაწილი ამ საქმეებისა უწმინდესს რასაკვირველია შევატყობინე, თუმცა ასეთი მასშტაბის საკითხების გადაწყვეტა კანონიკური სამართლის მიხედვით სინოდალურად უნდა მომხდარიყო. აი ეს კი სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ეს საკითხები ბევრი ადამიანის პერსონალურ დისკომფორტს იწვევდა. დიახ, ეს დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.

– მედიაში გავრცელებული ჩანაწებისა და შორენა თეთრუაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც საპატრიაქროს ქონების განკარგვა მეუფე იაკობს ჩამოერთვა და თქვენ დაგევალათ, ამან მეუფე იაკობი გაანაწყენა. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას და თქვენს საქმეში (ციანიდის საქმეში) რა როლი აკისრია ქორეპისკოპოს იაკობს?

– დიახ, მეუფე იაკობი მრისხანებას ვერ მალავდა როდესაც მე საპატრიარქოს ქონების მართვა დამავალა უწმინდესმა. უფალი ყველას გასცემს პასუხს, ვისაც რა როლი აკისრია ამ საქმეში.

– თუ გავიხსენებთ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებს, ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმეებში? მეტიც, საპატრიარქოში სპეცსამსახურების გავლენების შესახებ თუ გსმენიათ?

– ამ შეკითხვაზე პასუხი ჩანს მათ ქმედებებში და საზოგადოება ხედავს ამას. რაც შეეხება სპეცსამსახურების გავლენებს, ეს ხომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, საუბედუროდ.

– თქვენი გისოსებს მიღმა გამოკეტვა ხომ არ იყო ერთგვარი სიგნალი სასულიერო პირებისთვის?

– რასაკვირველია ამ ადამიანებმა ამით ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა. თუმცა ამაოდ. ღვთის განგებით გამოჩნდებიან კეთილსინდისიერი ადამიანები საპარტიარქოს წიაღში.

– მეუფე პეტრე საეკლესიო სამართლის ამოქმედებას ითხოვს, გაქვთ მოლოდინი, რომ სხვა სასულიერო პირები მხარს დაგიჭერენ და შეძლებთ თუ არა მათთავის თქვენი უდანაშაულობის დამტკიცებას?

– საქართველოში მოქმედი საეკლესიო სასამართლო რომ ყოფილიყო, უფრო მკაფიოდ გამოჩნდებოდა სიმართლე, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი სისტემა საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას აღარ აქვს უკვე მრავალი ათწლეულია.

– როგორ ფიქრობთ, რას ფიქრობს თქვენზე პატრიარქი და რატომ ვერ მოხერხდა თქვენი ზიარება?

– უწმინდესი ბრძენი ადამიანია, მან ყველაფერი დაზუსტებით იცის. ღვთის წყალობით, იმედია, მალე ვეზიარები.

– მეუფე დიმიტრი შიოლაშვილზეც გკითხავთ… საზოგადოებაში იმასაც საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ამასთან, ნაწყენი ხომ არ ხართ სულიერ მამაზე, მან თქვენ არ მოგინახულათ…

– მე ველოდები მეუფეს, იმედია მალე მომინახულებს. ის ჩემი გამზრდელი მამა და სულიერი მოძღვარია.

ნიუპოსტი