მამუკა გამყრელიძე: „როცა რუსეთის მოქალაქე აღარ ვიქნები, პოლიტიკაში მაშინ მოვალ“

მამუკა გამყრელიძე: „როცა რუსეთის მოქალაქე აღარ ვიქნები, პოლიტიკაში მაშინ მოვალ“ყოფილი დიპლომატის, მამუკა გამყრელიძის განცხადებამ, რომ ის დღესაც რუსეთის მოქალაქეა და იქ უძრავ ქონებას ფლობს, საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„ახალი თაობა“ ამ და სხვა საკითხებზე მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.

– ბატონო მამუკა, ძალიან ბევრმა გაგაკრიტიკათ იმის გამო, როდესაც განაცხადეთ, რომ თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ და იქ უძრავ ქონებასაც ფლობთ. ითქვა ისიც, რომ თავის დროზე სწორედ ეს გახდა თქვენი ნაციონალური მოძრაობიდან წამოსვლის მიზეზი. ასეა?

– არა, რა სისულელეა. ეს გადასარევად იცოდა ყველამ, არც არასოდეს დამიმალავს. როდესაც მთხოვეს, რომ სახელმწიფო სამსახურში წავსულიყავი, მაშინ გავაფრთხილე კიდეც. თვითონ მიშამაც იცოდა და სწორედ მან მომცა საქართველოს მოქალაქეობა. მე მაქვს ორმაგი მოქალაქეობა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მე ამით კანონს არ ვარღვევ.

– რატომ არ დატოვეთ რუსეთის მოქალაქეობა?

– მე ეს ავხსენი გარკვევით. იქ მე მაქვს უძრავი ქონება და მოქალაქეობის დატოვების შემთხვევაში, მე ვნახავდი ზარალს. ეს სუფთა მატერიალური მომენტია, რომ დავტოვო მოქალაქეობა, უნდა გადავუხადო ძალიან დიდი გადასახადები რუსეთის მთავრობას, რისიც არანაირი სურვილი არ გამაჩნია.

– სხვებს მოძღვრავენ, რუსეთუმეებს ეძახიან და თავად რუსეთის მოქალაქეები არიანო. ამაზე რით უპასუხებდით?

– მე ამ ყველაფერს ვაკავშირებ არჩევნებთან. არჩევნების წინ ცდილობენ რაღაცნაირად შემოგვიტიონ. ამოსწიონ ჩემი პუბლიკაციები, ფეისბუქ სტატუსები, არც ერთხელ არ მითქვამს ის, რომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს ბიზნესი უცხოეთში და ასე შემდეგ. ყოველთვის ამას ვამბობდი, პირიქით, რაც მეტ ფულს იშოვით რუსეთში, მით უკეთესია. იქიდან წამოიღეთ რაც შეიძლება მეტი, აქედან ნუ მისცემთ წასაღებად. რაც შეეხება წინააღმდეგობას, წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე, ახლაც ვარ და ვიქნები ცალმხრივი ვიზალიბერალიზაციის ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართ.

– სააკაშვილი ხომ იყო თანახმა ამაზე?

– მიუხედავად იმისა, რომ მიშა თვლიდა, რომ ეს ცალმხრივი მიმოსვლა და ვიზების მიცემა კარგია, იმ დროს შესაძლოა ეს მისაღები იყო, რადგან მაშინ სპეცსამსახურები მუშაობდნენ. კონტრდაზვერვა ბრწყინვალედ მუშაობდა და ასეთი საშიშროება, არასასურველი ელემენტების რუსეთიდან შემოდინების, არ იყო.

– დღეს არის?

– ახლა, როდესაც პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს კონტრდაზვერვა, ასეთ პირობებში რუსეთიდან გაიზარდა შემოდინება იქაური სპეცსამსახურების და ახლა ძალიან ცუდია ეს ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა. რუსეთმა ჩვენ არაფერი არ მოგვცა.

– სააკაშვილის არასოდეს მოუთხოვია თქვენთვის, რომ დაგეტოვებინათ რუსეთის მოქალაქეობა?

– არასდროს არ დაუყენებია! როდესაც მე ვუთხარი, დიპლომატიურ სამსახურში არ შეიძლება რომ იყოს რუსეთის მოქალაქე, მან მითხრა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის და ამიტომ არანაირი პრობლემა არ იქნებაო. ამას სააკაშვილიც დაადასტურებს, რომ ასე იყო.

– მაშინ რატომ გახდა დღეს ეს თემა აქტუალური და რატომ წამოგაძახეს რუსეთის მოქალაქეობა?

– ალბათ არჩევნების გამო. აქტიურად მლანძღავენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები და ცალკე კიდევ ქოცები. არჩევნებია და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როგორც კი გადაივლის არჩევნები, აღარავის ემახსოვრება, მამუკა გამყრელიძე რუსეთის მოქალაქე არის თუ არ არის. მე ეს არასდროს დამიმალავს. ეს ვიღაცას დაჭირდა და გამოიყენეს. რაც მეტ ფულს შემოიტანენ რუსეთიდან, მით უკეთესი, ამის აკრძალვა არ შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება ასე გაუღო კარი და შემოუშვა ყველა შენს სახლში, რომ ითარეშონ. რა, ხანძრები რომ იყო, კარგი იყო?!

– ხანძრებს რუსებს უკავშირებთ?

– არ დაფიქრებულა არავინ ამაზე, რა და როგორ მოხდა?! ან ეს ფაროსანა რომ უცბად აღმოჩნდა და მოედო მთელ სამეგრელოს, არავინ კითხულობს, იქნებ დივერსია იყო?! კითხვები ნამდვილად ჩნდება. ხალხი კი, სადაც ბევრ ფულს იშოვნის, მე ამით გახარებული ვიქნები. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. აქედან ნურაფერს გაატანენ და ქვეყანას ნუ დაარბევინებენ.

– თქვენ იქ ფულს შოულობთ?

– მოგახსენებთ, მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც სახელისუფლო მოხელე. ამიტომ არავის საქმე არ არის, მე სად მაქვს ქონება, რამდენი და სად ვშოულობ და როგორ ვშოულობ ფულს. არ ვარ ვალდებული, ვინმეს ჩავაბარო ანგარიში. სწორედ ამიტომ არ ვარ არჩევითი ფიგურა, არსად არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, რადგან ვარ რუსეთის მოქალაქე. ეს თემა კი მავანმა წინასაარჩევნოდ წამოწია. როდესაც აღარ ვიქნები რუსეთის მოქალაქე, ამის შემდეგ მოვალ აქტიურ პოლიტიკაში.