გიორგი კაკაურიძე – “სამწუხაროდ, მოლოდინია, რომ წლის ბოლოს ლარი უნდა გაუფასურდეს”

გიორგი კაკაურიძე - "სამწუხაროდ, მოლოდინია, რომ წლის ბოლოს ლარი უნდა გაუფასურდეს"საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას მოლოდინებით ხსნის. “საქმის კურსის“ კითხვას – „რამ განაპირობა ნეგატიური მოლოდინების შექმნა“, ქუმსიშვილის მოადგილემ შემდეგი პასუხი გასცა:
– ჩვენ გავაანალიზეთ ბოლო პერიოდში რა მოთხოვნები იყო ლარზე და კომპანიების მხრიდან სხვადასხვა ვალუტებზე დიდი მოცულობის მოთხოვნები არ ყოფილა. შესაბამისად, მეტწილად ჩვენი დღევანდელი მონაცემებით, ლარის კურსის მოკლევადიანი გაუფასურება უკავშირდება მოლოდინების არსებობას. სამწუხაროდ, მოლოდინია შექმნილი, რომ ქვეყანაში წლის ბოლო ლარი უნდა გაუფასურდეს. რეალურად, ჩვენ ველოდებით, რომ ეს არის უფრო მაღალი ნიშნული ვიდრე წონასწორული კურსი უნდა იყოს, შესაბამისად, ლარი უნდა დასტაბილურდეს, – განმარტა კაკაურიძემ.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ გაცვლით კურსზე ბიუჯეტს გავლენა არ აქვს.
– 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტად გვქონდა შემცირებული სახაზინო ოპერაციები ანუ უფრო მეტი ფულის მასა ჰქონდა ბიუჯეტს ეკონომიკიდან ამოღებული, ვიდრე გასული იყო. შესაბამისად, ფულის მასაზე გავლენა იყო უარყოფითი. ბიუჯეტს ფულის მასაზე და შესაბამისად, არც გაცვლით კურსზე გავლენა არ ჰქონია, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე – უნდა განახორციელოს თუ არა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები, კაკაურიძემ უპასუხა, რომ სებ-ს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და მთავრობის ფუნქცია არაა ცენტრალური ბანკისთვის რჩევების მიცემა.
– ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტები, მათ შორისაა რეფინანსირების განაკვეთი, ასევე ინტერვენციის საშუალებები, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, მოკლევადინ პერიოდზე რაც ახდენს გავლენას, არ ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს, – აღნიშნა ქუმსიშვილის მოადგილემ.
ცნობისთვის: ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა და ხვალისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.58 ნიშნულზე იქნება.
ბიზნესმედია