კონსტანტინე გამსახურდია: “ქვეყნის კონსტიტუცია კურტიზანის პოზიციაშია”

კონსტანტინე გამსახურდია: "ქვეყნის კონსტიტუცია კურტიზანის პოზიციაშია"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

– ბატონო კონსტანტინე, როგორ აფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს? ახლა, როგორც უმრავლესობა ამბობს, ჯერი პრეზიდენტზეა და მთელი ყურადღება ავლაბრის რეზიდენციისკენ არის მიმართული.

– მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით ორ ინსტიტუციას შორის კინკლაობის მოწმენი. არაფერი სიჯანსაღის ამ პროცესს არ ეცხო. კონსტიტუციური ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე მიღებულია, მაგრამ ორი დღის წინ მიღებულ კონსტიტუციაზე გვეუბნებიან, ისევ უნდა შევცვალოთო, ამას უმრავლესობა მარტო ვერ ახერხებს და პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ეს იყო აბსოლუტურად ქაოტური და პოლიტიკური სიხარბის გამომხატველი პროცესი. საკმაოდ ავადმყოფური პროცესი იყო. ეს გამოაჩინა ამ ბოლო დღეებმა, რომ რეალურად საქმე გვქონდა ხელოვნურ პროცესთან. საქმე გვაქვს არაპოლიტიკოსებით დაკომპლექტებულ გუნდთან.

– “ქართული ოცნების” ლიდერებზე ამბობთ?

– დიახ. დამისახელეთ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად აზროვნებს და პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელ გადაწყვეტილებას იღებს. მე ასეთ ლიდერს იქ უბრალოდ ვერ ვხედავ. ის გადაწყვეტილება, რომელიც თავად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო და ახლა არ მოსწონს და ცვლის, პოლიტიკოსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა?!

– ბონუსის სისტემასა და ბლოკების საკითხს გულისხმობთ?

– დიახ, დიახ! რაში სჭირდებოდათ ბონუსსისტემის შემოღება, მაშინ როდესაც მაჟორიტარულ არჩევნებს არ აუქმებდნენ? ეს იყო თითქოს მათი პოლიტიკური მანევრი, რომ მერე ოპოზიციასთან დასათმობად ჰქონოდათ ეს ბონუსსისტემა. ახლა სწორედ მათივე დაგებულ ხაფანგში გაეხვივნენ. დღეს პოლიტიკას დილეტანტები აკეთებენ, რომლებმაც არ იციან, მაგალითად, როგორ გაითვალისწინონ დასავლეთის რეკომენდაციები, როგორ აწარმოონ მოლაპარაკება არათუ ოპოზიციასთან, თვით პრეზიდენტთანაც კი. ვერ ხვდებიან პოლიტიკურ კონტექსტს, ამიტომაც არის, რომ ხან ოპოზიციას აბრალებენ, ხანაც პრეზიდენტს, მერე ისეც ცვლიან პოზიციებს და ა.შ. ვართ ამ გაუგებრობაში.

– პრეზიდენტზე რას იტყვით?

– პრეზიდენტ მარგველაშვილზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ის არ არის პოლიტიკოსი. პირველ რიგში ის ინტელექტუალია. რასაკვირველია, პრეზიდენტის შემთხვევაში მეტ ადეკვატურობასთან გვაქვს საქმე.

– კონსენსუსი იქნება?

– ვნახოთ, კონსენსუსი გამომდინარეობს მაღალი დონის პოლიტიკოსებისგან, რომლის დეფიციტზე გესაუბრეთ დასაწყისში. სულ არ გამოვრიცხავ, ორი დღის შემდეგ კვლავ გამოვიდეს ირაკლი კობახიძე და გვითხრას, რომ კიდევ რაღაც არის შესაცვლელი.

რა სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის კონსტიტუცია კურტიზანის პოზიციაშია. სამეფო კარზე მეფის ცვლილებასთან ერთად ჩვენი კონსტიტუციაც გადადის ახალი მეფის ხელში და მას ისე ექცევა, როგორც აწყობს. არსებობენ ქვეყნები, რომელთა კონსტიტუციაში სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ცვლილებაა შესული, ისე სათუთად ეპყრობიან მას.

– თუ მოქმედი კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსს, არ უნდა შეიცვალოს?

– რასაკვირველია, უნდა შეიცვალოს და მე ამაზე არ ვდავობ. მე მიდგომებზე ვსაუბრობ, რომელიც თუნდაც ამჯერად გამოამჟღავნა ხელისუფლებამ და რომელსაც ამჟღავნებდა ყველა წინა ხელისუფლება კონსტიტუციის მიმართ. ეს დამოკიდებულებაა ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომაც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ ეს კონსტიტუცია მისია, არადა, ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში მოქალაქეებს ეს განცდა აქვთ.

მე როდესაც ემიგრაციაში ვცხოვრობდი, ამას პირდაპირ ვგრძნობდი იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან. ამიტომ აქვთ მათ სახელმწიფო, სახელმწიფოს განცდა, ამიტომ მიდიან ისინი თუნდაც არჩევნებზე. ჩვენთან კი არჩევნებზე მხოლოდ ამა თუ იმ პარტიის აქტივი გამოდის და მხოლოდ აქტივი მონაწილეობს, დანარჩენები კი სახლში რჩებიან.