ნაციონალები ბიძინა ივანიშვილს სახლში მიადგნენ – ზაალ უდუმაშვილი: ”აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსეულია მთელ საქართველოზე”

ნაციონალები ბიძინა ივანიშვილს სახლში მიადგნენ - ზაალ უდუმაშვილი: ”აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსეულია მთელ საქართველოზე”ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეები სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებიან.

თავდაპირველად გაცხადებული გეგმის მიხედვით, საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, აქციის მონაწილეების გეგმები მოგვიანებით შეიცვალა და მსვლელობა, რომელიც „რუსთაველის“ მეტროსთან დაიწყო, ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.
აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგია “გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად”. პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემას აპროტესტებენ.

ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, 21 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობა პასუხს გასცემს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იტაცებს თბილისის და საქართველოს მიწებს:

– აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსეულია მთელ საქართველოზე და იტაცებს ქართულ მიწებს და ტერიტორიებს. ალბათ გაჭირდება ყველა იმ მიწის და ნაგებობის მოძიება რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის, მაგრამ აუცილებლად მოვიძიებთ, თვალნათლივ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მცოცავი მიტაცება, თბილისი არ დაუშვებს, რომ მისი ისტორიული ნაწილი მიიტაცოს ამ ადამიანმა, რომლის სახლიც სავსეა ქვეყნის მოქალაქეების ფულით, ეს ხდება ჩვენს ხარჯზე, 21-ში არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, უნდა გადავწყვიტოთ ხალხი იქნება თუ არა ამ ქვეყნის მმართველი, ეს ხალხი გადაწყვეტს 21-ში ამ ქვეყნის მომავალს, ეს ხალხი ეტყვის არას ამ ქვეყნის ფაროსანას, იმ შემთხვევაში თუ ვინმე ხელს აღმართავს ხალხის არჩევანზე, ამ ხალხზე მეტი გამოვა ქუჩაში და საკუთარ ხმას დაიცავს, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.