“ნაციონალების მთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია”

"ნაციონალების მთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია"

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს.

– ოპოზიციის ერთი ნაწილი მწვავე აქციებს მართავს და ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტს აპროტესტებს. ხელისუფლებისგან გვესმის განცხადებები, რომ ნაცმოძრაობა ივანიშვილს უსამართლოდ ლანძღავს. რას იტყვით თქვენ?

– ჩვენ ამგვარი თავის მართლება გვსმენია სააკაშვილისგანაც, ზუსტად ისეთივე, როგორიც გვესმის ივანიშვილისა და მისი ხელის ბიჭებისგან. ამაში ახალი არაფერია. ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო, ამ რეჟიმში არიან ნაცმოძრაობისა და ქოცმოძრაობის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მიუღებელია რეკრეაციული ზონის გადაცემა კერძო პირისთვის და ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ამას აძლევენ საჩუქრად! აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ჩამოყალიბდა ყველაზე მდიდარ მათხოვრად მსოფლიოში. ხელისუფლება კი პოლიტიკური მათხოვრებით არის დაკომპლექტებული.

– ჩვენ გვესმის შეფასებები, რომ ძალიან კარგი პროექტები ხორციელდება, აშენდება დიდი ავტოსადგომი და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის კეთდება.

– ეს მიდგომები არახალი ამბავია. დღეს ჩვენ ავტორიტარიზმის პირობებში ვცხოვრობთ. დღეს არაფორმალური მმართველობაა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ამ აქციებსა და მოთხოვნებს, ისინი მისაღებია, ოღონდ გააჩნია, ვინ გამოდის ამ მოთხოვნებით.

– ანუ ნაციონალებისგან არ არის მისაღები?

– აქციის ორგანიზატორების მხრიდან ცოტა უხერხულია ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ამის აკრძალვა არავისთვის შეიძლება. აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს და პოლიციის მხრიდან ასეთი ძალადობა და თავხედობა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია, გინდ ნაცმოძრაობა იყოს და გინდ სხვა ძალა.

– დამნაშავე ძალას არ უნდა ჰქონდეს ამდენის უფლებაო, გვესმის შეფასებები.

– ნაცმოძრაობა დღეს რომ დასჯილი არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია, რომ მისთვის ყველაზე მწვავე საკითხებზე რეაგირებას აკეთებდეს ნაცმოძრაობა და არა სხვა ვინმე.

– შეიძლება ეს ყველაფერი დადგმული და შეკვეთილიც კი იყოს?

– ერთი რამ ფაქტია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღებ ოპოზიციურ ჯგუფს წარმოადგენს ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები და განაყოფები სწორედ მათი წარსულის გამო, იმიტომ რომ ისინი მარტივად დაექვემდებარებიან ზეწოლას ივანიშვილის მხრიდან. სხვა თუ არაფერი, მათ დიდ ნაწილზე საქმეებია აღძრული და დღეს რეალურად ნაცმოძრაობის მთავარი მფარველი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ოპოზიცია, რომელსაც “სატოპკეს” უწევს ხოლმე.

– ანუ “ოცნებისთვის” პირიქით ხელსაყრელი და მისაღებია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ლანძღავს?

– როცა მე გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავენო, ზუსტად იგივე სიტუაციაა. როცა ნაცმოძრაობა ივანიშვილს წყევლის, მათი ძუძუები ლოცავენ. იქიდან გამომდინარე, რომ ნაცმოძრაობისთვის, მისი უმძიმესი წარსულის გამო, მისი მხრიდან ნათქვამი თუნდაც აბსოლუტური ჭეშმარიტება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის იმდენად დასაჯერებელი არ არის, რამდენადაც ეს შესაძლოა სინამდვილეში იყოს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება და კერძოდ ივანიშვილი ამ ორივე პარტიის მეშვეობით იხანგრძლივებს ძალაუფლებას. ძალიან საეჭვოდ მოხდა ეს ყველაფერი…

– რა მოხდა საეჭვოდ?

– ეს მძიმე ფაქტი, ამხელა მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდება მოხდა წინასაარჩევნოდ, აქ ორი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. ერთი, რომ მართლა ეშინია ბიძინა ივანიშვილს, რომ შესაძლოა თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს, ხოლო მეორე ვერსია შეიძლება იყოს, რომ სწორედ ნაცმოძრაობის წინა პლანზე წამოსაწევად და მათი პოზიციების გასაძლიერებლად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით დასჭირდა ამგვარი კოჭის გაგორება.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ნაცმოძრაობის წინა პლანზე წამოწევას მიზანმიმართულად უწყობს ხელს?

– რა თქმა უნდა! ივანიშვილი ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ოპოზიცია გაიგივებული იყოს ნაცმოძრაობასთან. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა! მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ოპოზიცია არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის სათაგურში გამომწყვდეული ოპოზიცია. მათ შორის სამართლებრივი დანაშაულების გამო, რომლებიც დღემდე გააჩნიათ და დღემდე დაუსჯელები არიან. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ცდილობს, რომ სწორედ ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები იყოს წამყვანი ძალა და ყველას, ვინც აპროტესტებს მის თავგასულობას, ნაცმოძრაობის მხარდამჭერობა დააბრალოს ასე ურცხვად, როცა საკუთარ პარტიაში ჰყავს მას ნაცმოძრაობის უმძიმესი წარმომადგენლები.

– კერძოდ ვის გულისხმობთ?

– რომელი ერთი დავასახელო?! მურუსიძით დაწყებული და ზარდიაშვილითა და ოქრიაშვილით დასრულებული. ყველას კარგად გვახსოვს, ვინ არიან ეს ადამიანები. სააკაშვილის კარის მსახურები, მკვლელებიც კი არიან მის პარტიაში. აი, ეს არის დღეს “ქართული ოცნების” ძირითადი საყრდენი და საფუძველი! ოცნების სიები გაძეძგილია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით! ეს ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილს სჭირდება გასვრილი ხალხი. სწორედ ისეთი ხალხით აკომპლექტებს საკუთარ პარტიასაც, ვისზეც კომპრომატები აქვს, რადგან მათი მართვა ასე გაცილებით იოლია. ოპოზიციაშიც სწორედ გასვრილი ხალხი სჭირდება წამყვან პოზიციებზე და ამ მხრივ ნაცმოძრაობა მისთვის იდეალური ვარიანტია.

– ანუ მართული ოპოზიცია უნდა და ჰყავს კიდეც?

– უფრო ზუსტად, კონტროლირებადი. ნაცმოძრაობასა და “ოცნებას” ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ისინი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ.