ქუცნაშვილი – “მეჭიაური პარლამენტში შანტაჟით მოხვდა”

ქუცნაშვილი - "მეჭიაური პარლამენტში შანტაჟით მოხვდა"– მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში შანტაჟის გზით მოხვდა, – ამის შესახებ ”იმედის დროსთან” საუბრისას თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

– ბევრმა მითხრა, გულწრფელი საუბრით სამზარეულოს თემები ხომ არ გამოიტანე გარეთო. პირიქით, მგონია, რომ ის ტყუილი, რასაც მეჭიაური ტირაჟირებდა, რომ პარტიასა და პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა, მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ მას პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში მოხვდა შანტაჟის გზით, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, მეჭიაურმა თიანეთში მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლანძღვა-გინებაში ატარა, რამაც ”ქართული ოცნება” დააზარალა.

– ყველა მთხოვდა: მოითმინე, ეს არასერიოზული კაცია, ლოთის იმიჯი აქვს, გაუტარე, აჩვენე მაღალი კულტურა. ვაჩვენე მაღალი კულტურა. ეს რომ მოხდა, მერე დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა სასამართლო და ჟურნალისტები მეკითხებით: რატომ არ სცემ პასუხს, კაცი გლანძღავს, ვიღაც ხომ დაიჯერებს? მართლაც, შარშან თიანეთში 5.000 ხმა მივიღე და ახლა ჩვენმა კანდიდატმა 3.100 ხმა მიიღო. როგორც ჩანს. ამ ტყუილებმა და შეურაცხყოფებმა ვიღაცეებზე იმუშავა, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.