სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსსა და ბოდბის ეპარქიის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობსა და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს შორის მწვავე კამათი გაიმართა. ამ ინფორმაციის თანახმად, პატრიარქიის ქორეპისკოპოსი და მისი ე.წ. დაჯგუფება წმინდა სინოდზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის დასჯას ითხოვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დასჯის ერთ ერთ ვარიანტად მეუფე პეტრესთვის ახალი, მკაცრი გაფრთხილების მიცემა იგულისხმებოდა. მეორე ვარიანტად კი მისთვის ჭყონდიდის ეპარქიიდან გადაყვანა, ან ზოგადად ეპარქიიდან ჩამოშორება განიხილებოდა.

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, მეუფე იაკობის ამ იდეას სინოდში საკმარისი მხარდამჭერები არ აღმოაჩნდა. უფრო მეტიც, არსებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს შესაძლო დასჯის საპასუხოდ, შესაძლოა ქორეპისკოპოსის მოწინააღმდეგე დაჯგუფებას, მისი ქორეპისკოპოსობიდან გადაყენების წინადადება მოჰყოლოდა. შესაბამისად, მხარეები ამ ეტაპზე ცხარე კამათის შემდეგ დროებით დაზავდნენ და დღის წესრიგში არც მეუფე პეტრეს დასჯის საკითხი და არც მეუფე იაკობის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დამდგარა.
“პირველი რადიოსთვის” მოწოდებულ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს საპატრიარქოში არავინ აკეთებს. დღეს გამართული მოულოდნელი სინოდის სხდომის შესახებ მხოლოდ განჩინებაში იქნება ნათქვამი.