“იტალიაში 1.000 ევროს ვიღებ, მაგრამ ვირივით ვშრომობ, ჩვენ ადამიანები არ გვქვია”

ქართველი ემიგრანტები ყველგან არიან: საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, რუსეთში. არიან ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ. არიან და მუშაობენ იმ იმედით, რომ აქ, საქართველოში, მათი ოჯახის წევრებს არ შიათ, არ სწყურიათ და არ სცივათ.

თუმცა, ისინი იქ ამის საფასურად რას არ აკეთებენ: ხეხავენ უნიტაზებს, ცვლიან “პამპერსებს”, ღამის ქოთნებს, ასუფთავებენ სახლებს, ოფისებს, ეზოებს, ქუჩებს, აშენებენ სახლებს. სანაცვლოდ კი სძინავთ ხარაჩოებზე, თითქმის ყოველდღე ეშინიათ, რომ დიასახლისს “რაღაც” არ მოეწონება, პოლიციას თვალში არ მოუვა, ან “ბატონს ხელი წაუცდება” და ასე შემდეგ. ჩვენი ჟურნალის სტუმარია ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელიც სამშობლოში დროებით ჩამოვიდა და სულ მალე კვლავ გაუყვება იმ მტანჯველ გზას და ვინ იცის, რამდენი წლის მერე დაბრუნდება უკან.

მადონა, 45 წლის:

– ჩვენ ადამიანები არ გვქვია, ადამიანების გარდა, ყველაფერი ვართ. გადავაბიჯეთ ჩვენს პრინციპებს და გავხდით მონები. ჩვენ გვეძახიან ლუკმაპურს “ზვარაკად” შეწირულებს, მთვარიან ღამეში ძუ მგელივით საშოვარზე გასულებს, ან ცალუღელა ლაბა ხარებს, რომლებიც მარტონი მივათრევთ გაუკვალავში მთელი ოჯახის სიმძიმეს. ჩვენ საკუთარ თავში დაკარგულები, თავისუფლება ჩამორთმეულები, შეურაცხყოფილები და შრომისგან დაქანცულები ვართ. ჩვენთვის წელიწადის 4 დროის ნაცვლად მხოლოდ წელიწადის 2 დრო არსებობს – იქ ყოფნისა და აქ დაბრუნების. ჩვენ ვართ მუდმივად დანატრულები ჩვენი შვილებისა და ოჯახების. ჩვენთვის დრო ძალიან ნელა მიედინება. თუმცა, სანამ წავიდოდი, მეგონა, რომ იქ ყველაფერი ადვილად ხდებოდა.

– რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

– იმიტომ, რომ ფინანსურად ძალიან გვიჭირდა. ვისაც არ გამოუცდია, მისთვის ძნელი წარმოსადეგია, თუ რამდენად ძნელია, მშობელს წამალი ვერ უყიდო, შვილს დახეული ფეხსაცმელი ეცვას და ახლის შეძენის საშუალება არ გქონდეს. ხშირად პურის ფული მიმათხოვრია.

– მეუღლე არ გეხმარებოდათ?

– დღევანდელ ოჯახებს ქალები არჩენენ და არა მამაკაცები. ქართველმა მამაკაცმა (საბედნიეროდ, ყველამ არა) უკვე დიდი ხანია, რაც ღირსება დაკარგა და ქალის შესანახი გახდა. 18 წლის გავთხოვდი, მეგონა, იმ ადამიანს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჩვენი ქორწინება მხოლოდ 3 წელი გაგრძელდა. ძალიან ცუდად მექცეოდა, ეჭვიანი იყო და ყველაფერზე ეჭვიანობდა. თავიდან მიხაროდა, ეჭვიანობს, ესე იგი, ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ მერე მისი ეჭვიანობა აუტანელი გახდა. ერთხელ ჩემმა ძმამ თავისი ძმაკაცი მოიყვანა ჩვენთან, სადღაც იყვნენ და მერე ჩემთან შემოიარეს. იმ ძმაკაცს სკოლის პერიოდიდან ვიცნობდი და ძალიან გამიხარდა მისი დანახვა. ძმასა და მის მეგობარს პატარა სუფრა გავუშალე და ყველანი ვმხიარულობდით. ამ დროს ჩემი მეუღლე მოვიდა, უცხო კაცი რომ დაინახა, გადაირია. ძმასთან ვერაფერი მითხრა, მაგრამ ისინი რომ წავიდნენ, შავი დღე მაყარა. ისე მცემა, 2 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი.

– რატომ იეჭვიანა იმ კაცზე, ის ხომ თქვენს ძმასთან ერთად იყო მოსული?

– ის ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა. იმ ადამიანს თბილად რომ ვექცეოდი, რაღაცები წარმოიდგინა. არადა, ცხოვრებაში არასდროს გამიხედავს სხვისკენ. რადგან ოჯახის დაუკითხავად გავყევი ჩემს მეუღლეს, საკმაოდ დიდხანს ხმას არ ვიღებდი. ბოლოს, როდესაც ჩემმა ძმამ გაიგო, რომ ის მცემდა, მაშინვე ხელი მომკიდა და სახლში დამაბრუნა. დასაც და დისშვილსაც თავად მოვუვლიო და ჩემს მეუღლეს საკადრისი პასუხი გასცა. ისე სცემა, რომ ჩემი მეუღლე მთლად დალურჯებული იყო. რომ ეჩივლა, ალბათ, ჩემს ძმას ხულიგნობისთვის დაიჭერდნენ. წლების განმავლობაში ჩემი ძმა მე და ჩემს შვილს ხელისგულზე გვინახავდა. არაფერს გვაკლებდა არც ჩვენ და არც ოჯახს. მე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, ჩემი ძმა თავის ოჯახთან ერთად – ჩვენს მეზობელ სადარბაზოში. მედდის კურსები დამამთავრებინა და სამსახურიც მიშოვა.

– თქვენი ძმა რაზე მუშაობდა?

– იურისტი იყო და ადვოკატად მუშაობდა. კარგი შემოსავალი ჰქონდა. ჩემს გოგონას თავისი შვილებისგან არ არჩევდა. თავად ქალ-ვაჟი ჰყავდა. რასაც თავის გოგოს უყიდდა, ჩემი მარისთვისაც იმავეს ყიდულობდა. როცა თავის შვილებს ასეირნებდა, ჩემს გოგონასაც თან წაიყვანდა. გამიმართლა და რძალიც კარგი შეგვხვდა. ისიც პატივს გვცემდა მეც და ჩემს შვილს, მშობლებსაც კარგად ექცეოდა. თითქმის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ძმამ სამსახური დაკარგა და 2 ოჯახი ისე დავრჩით. ჩემი და ჩემი რძლის ხელფასი კაპიკები იყო, ძმის ხელი ორივე ოჯახს დაგვაკლდა. ჩემმა ძმამ სამსახური ვერ იშოვა, უბრალო სამსახურში კი არ წავიდა. მერე მეც შემამცირეს. სახლში რაც გასაყიდი გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ, მაგრამ ხშირად მშივრები ვიყავით. მერე ჩვენი ნათესავი საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, ერთი წლის მერე კი მე წავედი. თანხა, რომელიც წასასვლელად დამჭირდა, ნათესავებში ვისესხე. ძალიან გამიჭირდა მშობლებისა და შვილის მიტოვება, მაგრამ წაუსვლელობაც არ შეიძლებოდა. ნათესავმა პირველად ერთ პატარა ქალაქში მიშოვა სამუშაო, ბავშვისთვის უნდა მომევლო, მაგრამ მალე თავი დავანებე.

– რატომ?

– დიასახლისი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მეუღლე ჰყავდა ცუდი. თავიდან არაფერი შემინიშნავს, მაგრამ მერე სულ სხვა თვალით დამიწყო ყურება. ბოლოს ხელის ფათური სცადა, მაგრამ საკადრისი პასუხი გავეცი, რასაც ჩემი სახლიდან გაგდება მოჰყვა. ვინ დამიჯერებდა, მე რომ არ ვტყუოდი. ასე გამოვიცვალე რამდენიმე ოჯახი. ზოგი ოჯახი მე არ მომწონდა, ზოგს მე არ მოვწონდი.

– ძალადობას ჰქონდა ადგილი?

– საბედნიეროდ, მე ასეთი ოჯახი არ შემხვედრია, თუმცა, გამიგია, რომ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. საერთოდ, ბერძნებს არ უყვართ სხვა ერები. სულ იმას გაიძახიან, ემიგრანტებმა ჩვენი ქვეყანა დატოვონო. ჩვენ იქ ადამიანები არა ვართ, დილიდან საღამომდე მონებივით ვშრომობთ.

– დასვენების დღე არ გაქვთ?

– კვირაში ერთი დღე, მაგრამ იმ ერთ დღესაც ვერ ვისვენებ. ჯერ ჩემი ოჯახისთვის ვყიდულობ რაღაცას, მერე ფულს ვაგზავნი.

– თქვენ რას აკეთებთ?

– ყველაფერს, რისი გაკეთებაც შემიძლია. საბერძნეთში რომ ვიყავი (ერთი წელია, რაც იტალიაში გადავედი სამუშაოდ), პირველად 500-600 ევროს მაძლევდნენ, 2 წლის მერე 900-1.000 ევროს ვიღებდი. მაგრამ ამის საფასურად ვირივით ვშრომობ. საბერძნეთში ერთ მოხუცს ვუვლიდი, ძალიან კაპრიზული მოხუცი მყავდა. თითქოს ჯიბრით იქცეოდა, როგორც კი დავჯდებოდი, მაშინვე დამიძახებდა, ხან რას მოიმიზეზებდა, ხან რას. ახლა იტალიაში გადავედი. სხვათა შორის, იტალიელები ბერძნებზე უკეთესები არიან. ჩემთვის ასეა, სხვისი რა მოგახსენოთ. ამჟამად რომელ ოჯახშიც ვმუშაობ, კარგი ხალხია. მოხუციც კარგი ადამიანია. იუმორის დიდი გრძნობა აქვს. რაღაცებს მელაპარაკება და იცინის. ჯერ იტალიური ისე კარგად არ ვიცი, ყველაფერი რომ გავიგო, მაგრამ რაღაცები მესმის.

– რამდენს გიხდიან?

– 1.000 ევროს. ძალიან მძიმე საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ჩემი ოჯახი მშიერი არ არის, ზამთარში არ სცივათ. იქიდან ძმის ოჯახსაც ვეხმარები.

– რამდენი წელია, რაც წახვედით?

– 6 წელი გახდა. რაც წასული ვარ, ახლა ჩამოვედი პირველად. მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ მის გვერდით არ ვიყავი. თურმე, როგორც დედამ მითხრა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მელოდა, სულ კარისკენ იხედებოდა, იქნებ მოვიდესო. ჩემს ნატვრაში ამოხდა სული. ახლა მითხარით, მე შვილი ვარ? რა თქმა უნდა, არა. შვილი რომ მშობლის დასაფლავებაზე ვერ ჩამოვა, ის რა შვილია? ან ის რა ცხოვრებაა, ასეთ მძიმე მომენტში შვილი მშობლის გვერდით რომ არ იქნება? სიკვდილამდე არ მომასვენებს შეგრძნება, რომ მამა ბოლო წუთებში ვერ ვნახე.

– კიდევ აპირებთ დაბრუნებას?

– კი. 2 თვით ჩამოვედი, მერე ისევ წავალ. 2 წელიწადში ჩემი გოგონა სკოლას ამთავრებს და ათასი რამე სჭირდება. დედასაც და ძმასაც ასე ვერ მივატოვებ. როცა მე მიჭირდა, ჩემი ძმა მეხმარებოდა, ახლა მას უჭირს და მეც უნდა დავეხმარო. თან, იქ სამსახურიც ნაშოვნი მაქვს, სამსახური, როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვა, მაგრამ რას ვიზამ, სხვა გამოსავალი არ მაქვს.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018