როგორ გავანეიტრალოთ თავხედი

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, საიდან მოდის უტიფრობის ფესვები. მისი ძირითადი მიზეზი აღზრდაში იმალება. საიდუმლო არ არის, რომ ბავშვი მოზრდილთა ქცევების კოპირებას ახდენს. როდესაც მამა მშობლებს ეუხეშება, ბავშვი სხვაგვარად როგორ მოიქცევა? თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ სრულიად შეუფერებლად იქცევიან ადამიანები ინტელექტუალური ოჯახებიდან.

თავხედობის ღრმა ფსიქოლოგიური მიზეზი თავდაჯერებულობის არქონა და შიშია, ვინაიდან უტიფარისთვის გარე სამყარო საშიშროებითა და აგრესიით სავსეა. ცნობილი ფაქტია, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და ისიც თავს ისე იცავს, როგორც შეუძლია. ამისგან კი უდანაშაულო გარშემომოყოფები იტანჯებიან.

უხეშობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება მისი სრულად იგნორირებაა. ამ შემთხვევაში თავხედი სწრაფად კარგავს პროცესის მიმართ ინტერესს. თუ პირიქით, მას დაემსგავსებით და იმავეთი უპასუხებთ, ამით მის აზარტს მხოლოდ გააღვივებთ. ის შესაძლებლობას მიიღებს, შეურაცხყოფა გააგრძელოს.

ღირს მის დონემდე დაშვება? შეგიძლიათ ხმადაბლა უთხრათ: “არაკორექტულად იქცევით”. ასეთი პასუხი, დიდი ალბათობით, მის გზნებას გაანელებს და სიტუაცია თავისთავად ამოიწურება. თავს უხერხულად იგრძნობს ბავშვის როლში, რომელსაც ჩუმად ტუქსავენ.

კიდევ ერთი საშუალებაა – თავხედი სასაცილო ფორმაში წარმოიდგინოთ ან თქვენ შორის გამჭვირვალე კედელი აღმართოთ, რომელიც მის ყველა გესლიან გამოხდომას აისხლეტს.

ისწავლეთ, შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვენი მისამართით არ აღიქვათ. დაე, იყვიროს ვიღაც ტიპმა, ეს მისი პრობლემაა და მისი ნეგატივია, თქვენ კი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაში ხართ.

არავითარ შემთხვევაში არ ღირს პირზე ქაფმოდებულმა თავისმართლება დაიწყოთ. საქმე ისაა, რომ ვინც თავს იმართლებს, ძალაუნებურად თავის დანაშაულს აღიარებს.

დაბოლოს, თუ იუმორის გრძნობა გაქვთ, ვერც ერთი თავხედი ზიანს ვერ მოგაყენებთ. სრულიად საკმარისია ერთი სხარტი რეპლიკა თავდამსხმელის განიარაღებისთვის. რიტორიკის სფეროს პროფესიონალები ამტკიცებენ: თუ კითხვა დაგისვეს, თქვენ კი მასზე მოსწრებულად გაიხუმრეთ, მაშინ პასუხის გაცემა აუცილებელი არ არის.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018