„ჩემი კალენდარი“ _ პირველი ქართულენოვანი აპლიკაცია ქალებისათვის

უკვე ერთი წელია, ქართულენოვანი მოსახლეობისათვის მობილური აპლიკაცია „ჩემი კალენდარი“ ქართულ ენაზე არსებობს, რაც ქალებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ ორსულობა, თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა და მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

შვედური ორგანიზაცია RFSU-ის ფინანსური მხარდაჭერით, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა ,,თანადგომამ” ,,აიფონებისა’’ და ანდროიდებისათვის დაამზადა სატელეფონო აპლიკაცია _ „ჩემი კალენდარი“. აპლიკაცია შექმნილია წამყვანი ქართველი რეპროდუქტოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მათ მიერ მოწოდებული სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით. ის უფასოა და არის პირველი ქართულენოვანი პროგრამა აღნიშნულ თემაზე.

აპლიკაცია საშუალებას იძლევა, ქალმა მონიტორინგი გაუწიოს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას, აკონტროლოს ციკლი და ნაყოფიერი დღეები, მიიღოს შეტყობინებები მედიკამენტების მიღებისა და ექიმთან ვიზიტების შესახებ. აპლიკაცია შედგება 2 ნაწილისაგან, კალენდარისა და საინფორმაციო ნაწილისგან.

საინფორმაციო ნაწილი შედგება რამდენიმე მოდულისგან და მოიცავს შემდეგ ბლოკებს: ინფორმაცია ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიის შესახებ და ინფორმაცია კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ.

კალენდრის საშუალებით ქალს შეუძლია, გამოითვალოს ფერტილური (ნაყოფიერი) დღეები და დაგეგმოს ორსულობა. გამოყენების მიზნით მომხმარებელმა უნდა შეავსოს კითხვარი და შეიტანოს პირადი მონაცემები.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ სმარტფონებისათვის google Play -დან, ხოლო აიფონებისათვის app store-დან.

ქეთევან ჭელიძე, ექიმი-კონსულტანტი:

_ აპლიკაცია „ჩემი კალენდარი“ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ქალებისათვის. ის ქალს დაეხმარება, რომ დაგეგმოს ოსრულობა ან დაიცვას თავი არასასურველი ორსულობისაგან. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია ბევრ ენაზე და ახლა უკვე გაკეთდა მისი ქართულენოვანი ანალოგი. ჩვენი სურვილი იყო, რომ უფრო მეტი კომფორტისთვის აპლიკაცია ქართულენოვანი ყოფილიყო. გარდა კალენდარული ფუნქციისა, ის ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

აპლიკაცია რამდენიმე თვეა, უკვე ხელმისაწვდომია სმარტფონების მომხმარებლებისათვის და საკმაოდ ბევრი ქალბატონი იყენებს.

__ გარდა იმისა, რომ აპლიკაცია „ჩემი კალენდარი“ ქართულენოვანია, კიდევ რა განსხვავებული შესაძლებლობები აქვს მას ინგლისურენოვან ანალოგებთან შედარებით?

_ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ქართულენოვან აპლიკაციაში ძალიან ბევრი ინფორმაციაა ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში მცხოვრები ქალები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები ოჯახის დაგეგმვის საკითხებში, რაც მათ საშუალებას მისცემთ, თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა და აბორტის შემდგომი გართულებები.

აბორტი ქალის ორგანიზმისათვის სერიოზული რისკების შემცველია და ხშირად სერიოზული გართულებები მოჰყვება ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით. აპლიკაცია „ჩემი კალენდარი“ სწორედ ამ პრობლემის დაძლევაში გვეხმარება. ბევრი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში ოჯახის დაგეგმვის საკითხების შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად დაბალია. ამიტომ გვინდა, რომ ეს ვაკუუმი შევავსოთ სწორი ინფორმაციით.

აპლიკაციაში ძალიან დეტალურად არის ინფორმაცია სხვადასხვა კონტრაცეპტივების შესახებ. განხილულია კონტრაცეპტივის თითოეული საშუალება თავისი პლუსითა და მინუსით. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ქალი გააკეთებს გაცნობიერებულ არჩევანს. რაც მთავარია, ჩვენს ინფორმაციებში ყველგან არის მითითებული, რომ კონტრაცეპტივების შერჩევა უნდა მოხდეს ექიმთან ერთად, რადგან ეს საკითხი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.

ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ქალის ორგანიზმის და ხასიათის თავისებურებანიც კი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური კონტრაცეპტივი დაუნიშნოს.

ბოლო დროს მოხდა ოჯახის ექიმების გადამზადება და, გარდა გინეკოლოგებისა და რეპროდუქტოლოგებისა, კონტრაცეპტივის შერჩევა უკვე ოჯახის ექიმის კონსულტაციითაც შეიძლება. ეფექტური კონტრაცეპტივის შერჩევისას ძალიან ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, ქალის ასაკს, მწეველია თუ არა, როგორია მისი სისხლძარღვების მდგომარეობა და ასე შემდეგ.

__ კონკრეტულად რა ფუნქციებისგან შედგება აპლიკაცია „ჩემი კალენდარი“?

_ აპლიკაცია შედგება საინფორმაციო ნაწილისაგან და თავად კალენდრისაგან. აპლიკაციას აქვს შეხსენებების ფუნქციაც, როდის უნდა მიიღოს მომხმარებელმა წამალი და ასე შემდეგ. აპლიკაციის ტელეფონში გადმოტვირთვის შემდეგ მომხმარებელმა დეტალურად უნდა შეავსოს კითხვარი და ამის შემდეგ აპლიკაცია ავტომატურად გამოითვლის, როდის არის და როდის არ არის ჩასახვისთვის ხელსაყრელი პერიოდები. შესაბამისად, ქალი მარტივად განსაზღვრავს არასასურველი ორსულობის საფრთხეებს.

საინფორმაციო ნაწილი შედგება სხვადასხვა თემებისაგან – ინფორმაცია ორსულობის შესახებ, ინფორმაცია კონტრაცეპტივების შესახებ, ინფრომაცია აბორტის, მენოპაუზისა და ჰიგიენის შესახებ. არის ტერმინოლოგიური განმარტებები, რომ გინეკოლოგისგან მიღებული ინფორმაცია ან ინტერენტში მოძიებული მასალა უფრო გასაგები იყოს. აპლიკაცია „ჩემს კალენდარს“ აქვს თავისი ფეისბუქგვერდი, სახელწოდებით „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ და მოვუწოდებ ყველა მომხმარებელს, რომ ამ გვერდზე მოგვაწოდონ თავიანთი შენიშვნები და იდეები, თუ რა სჭირდებათ კიდევ მიიღონ ამ აპლიკაციის საშუალებით.

_ თუ გაქვთ ბოლო პერიოდის კვლევები, საქართველოში რეპროდუქტიული ჯანმრთელობის შესახებ რა სურათია?

_ ამ სფეროში გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ატარებს ხოლმე კვლევებს, თუმცა ბოლო წლებში არ ჩატარებულა. საბედნიეროდ, აბორტის გამოყენება არასასურველი ორსულობისგან თავის დაღწევის მიზნით ბოლო წლებში კლებულობს, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს კი ოჯახის დაგემვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის არარსებობის ან მითების გავრცელების შედეგია. გავრცელებულია მითი, რომ კონტრაცეპტივის გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში მავნეა, მაგრამ რეალურად აბორტზე მავნე ქალის ორგანიზმისათვის არაფერია. თუ კონტრაცეპტივი ქალისათვის სწორად არის შერჩეული, ის ბევრი დაავადების პრევენციის საშუალებაა.

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა” დაარსდა 2000 წლის ოქტომბერში, როგორც ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია.

ორგანიზაციის მისიაა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება პრევენციული, საგანმანათლებლო და დიაგნოსტიკური პროგრამების განხორციელების გზით და ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის აღმოჩენის საშუალებით ორგანიზაციებისათვის, თემებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

თავისი არსებობის მანძილზე ,,თანადგომას” განხორციელებული აქვს 80-მდე დიდი და მცირე პროექტი. ამჟამად ახორციელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018