აკაკი ზოიძე: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით“

აკაკი ზოიძე: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით“– ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ აისახება მედიკამენტების ღირებულებაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

– ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასების ზრდა და ამიტომაც ვუყურებთ შეშფოთებული კურსის ტაბლოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რყევები არ იქნება დრამატული. ეროვნულ ბანკს თუ კომპეტენცია გააჩნია, პირველ რიგში, ეს არის ინფლაციის მიმართულებით და აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ კურსის ცვლილება არ დაეტყოს ფასების გრძელვადიან ცვლილებას. ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ახსნა-განმარტებები, ინფლაციასთან მიმართებაში. კურსთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის მცურავი და ჩვენი მცირე ეკონომიკიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ფასებზე დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, რაც აქვს ეროვნულ ბანკს. ზოგადად წამალს რაც შეეხება, ინფლაცია 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ წამლებზე ფასები მომატებულია უფრო მეტად, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 15%-ით რიგ პოზიციებზე და ეს შემაშფოთებელია, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიდის მუშაობა ამ მიმართულებით დამატებით ზომებზე.

– პირველი, რაც გაკეთდა, ის იყო, რომ სოციალურად დაუცველებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი 30 მედიკამენტი არის პრაქტიკულად უფასო. ეს ძალიან დიდი შეღავათია, დამერწმუნეთ. ვაპირებთ, რომ წამლების ასორტიმენტი გავაფართოოთ, გავაფართოოთ ასევე კონტიგენტი მომავალში. 10 მლნ-ია ბიუჯეტი გამოყოფილი ამავე პროგრამაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნელ-ნელა გავაფართოებთ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეზე, ყველა ქრონიკულად დაავადებულ მოქალაქეზე ამ პროგრამას. წამლების პრობლემა ძირითადად არის ქრონიკულ ავადმყოფებში, ვისაც მუდმივად სჭირდება წამლის შეძენა. ვისაც ერთჯერადად სჭირდება ტკივილგამაყუჩებლის ან ანტიბიოტიკის შეძენა, ეს არ არის დიდი დარტყმა მოქალაქეების ჯიბისთვის, მაგრამ ქრონიკული ავადმყოფებისთვის ეს მედიკამენტები იქნება სიმბოლურ ფასში და შევეცდებით, რომ სოციალურად დაუცველის გარდა ეს გაფართოვდეს ყველა პენსიონერზე, – განაცხადა ზოიძემ.