„ბავშვს 5 წუთში დაუსვა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი და ძლიერი წამლები დაუნიშნა…” – 5 წლის ბავშვის დედა ცნობილ ექიმს ამხელს  

„ბავშვს 5 წუთში დაუსვა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი და ძლიერი წამლები დაუნიშნა...” - 5 წლის ბავშვის დედა ცნობილ ექიმს ამხელს  სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც საყოველთაოდ აღიარებული ექიმებიც კი გულგრილად ან სულაც არაპროფესიონალურად იქცევიან პაციენტებთან მიმართებაში. ამაზე ხმამაღლა საუბარი ბევრს უჭირს. ერთმა ძალიან შეწუხებულმა დედამ მოგვწერა თავისი ამბავი. იმ ცნობილ პროფესორს ჩვენ არ დავასახელებთ, თუმცა იმედია, ისიც და მისი კოლეგებიც წაიკითხავენ ამ და მსგავს წერილებს და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თითოეულ პაციენტს.

– ჩემი ისტორია მინდა მიგიყვეთ. 5 წლის ბავშვი მივიყვანე ნევროპათოლოგთან, აღიარებულ პროფესორთან, რომ შეემოწმებინა ბავშვის განვითარება – დამახინჯებულად ლაპარაკობს და ზოგ ბგერას ვერ წარმოთქვამს. ამ ეგრეთ წოდებულმა პროფესორმა ზუსტად 5 წუთში ბავშვს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა და 5 წამალი გამოუწერა. თან გამაგზავნა, რომ აუტიზმზე ტესტი ჩამეტარებინა.
იმდენად დაშოკილი გამოვედი მისი კაბინეტიდან, რამდენიმე დღე დამჭირდა, რომ გონზე მოვსულიყავი. ცოტა რომ გამოვფხიზლდი, სხვა ექიმთან მიყვანა გადავწყვიტე, ამჯერად, ნევროლოგიის განვითარების ცენტრში. ექიმი გაგიჟდა, რა ფსიქიკური აშლილობა, რა აუტიზმი. ბავშვი არის ფსიქიკურად ჯანმრთელი , უბრალოდ მეტყველების განვითარების შეფერხება აქვს, მენტალურად ჯანმრთელიაო. გამაგზავნა, რომ ჩამეტარებინა ბავშვის განვითარების ტესტი და არა აუტიზმის ტესტი. ტესტმაც დაადასტურა, რომ გონებრივად 5 წლის ასაკს შეესაბამება განვითარება, უბრალოდ აქვს მეტყველების შეფერხება.

ამის თქვენთვის მოწერა იმისთვის მომინდა, რომ სხვებმაც გაიგონ. ხშირად ექიმები ძალიან არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ყოველთვის გადაამოწმონს მსგავსი დიაგნოზები. იმ ეგრეთ წოდებულ პროფესორს ალბათ წამლების გასაღება უნდოდა და ბავშვს მაგიტომ დაუსვა ასეთი დიაგნოზი. სირცხვილი, ექიმი სულს რომ გაყიდის ფულზე! ამ ექიმისთვის რომ დამეჯერებინა, ალბათ დავღუპავდი ბავშვს. დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, სანამ შენი შვილის ჯანმთელობას ექიმს ანდობ.
ქეთი, 40 წლის

mshoblebi.ge