“დაგროვებითი საპენსიო რეფორმა სადაზღვევო კომპანიებს ანადგურებს”

"დაგროვებითი საპენსიო რეფორმა სადაზღვევო კომპანიებს ანადგურებს"
სადაზღვევო კომპანიებს დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე შენიშვნები აქვთ. საქმე ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიების ნაწილს დაგროვებითი პენსიის სერვისი თავადაც აქვს, ახალი საპენსიო მოდელი კი სისტემაში მათ მონაწილეობას მინიმუმამდე ამცირებს.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარები თანხას საპენსიო სააგენტოში შეიტანენ. საპენსიო ასაკში გასვლის შემდეგ კი მომხმარებლებს შეუძლიათ პენსია ან ამავე სააგენტოში დატოვონ და გადაინაწილონ წლების მიხედვით, ან გადაიტანონ კერძო საპენსიო ფონდში.
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ სტამბოლიშვილი “საქმის კურსთან” ამბობს, რომ კერძო სადაზვღევო ინდუსტრია დღეს წარმოდგენილ მოდელში საერთოდ არ მონაწილეობს, რაც ბიზნესს არასწორად მიაჩნია.
“უმჯობესია, ადამიანს ჰქონდეს არჩევანი, სად დააგროვებს თანხას. ჩვენი აზრით, კერძო სექტორის ჩართვა აუცილებელია და დამატებითი საგადასახადო სტიმულის დაწესება იმ ხალხისთვის, ვინც თვისდასაქმებულია ან 40 წელზე მეტი ასაკისაა. ასეთი ხალხი ძალიან ბევრია და სისტემამ რომ ეფექტურად იმუშაოს, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, ვისაც რეალურად აქვს შემოსავალი”,- აცხადებს თინათინ სტამბოლიშვლი.

მისივე თქმით, დღეს არსებული კანონპროექტით, რეფორმა ვრცელდება მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებზე.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს საგადასახადო სტიმული, სტამბოლიშვილი ამბობს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს კერძო დაგროვებით სისტემაში შენატანების საშემოსავლოსგან გათავისუფლება, იმავე სისტემით, როგორც ეს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოში შენატანების შემთხვევაში ხდება.
ამავე აზრზეა “სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის დღეს არსებული კანონპროექტით, სახელმწიფო არათუ კონკურენტად ევლინება სადაზღვევო კომპანიებს, არამედ სრულად ანადგურებს მას.
ხეჩინაშვილის თქმით, დაგროვებითი სადაზღვევო სისტემა კერძო კომპანიებს აქვთ, თუმცა, ეს სფერო რთულ მდგომარეობაშია, რამდენადაც სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს ხელშეწყობა არასოდეს მომხდარა, ახლა კი მთავრობა ამ მიმართულებას სრულად ანადგურებს.
“სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არის პენსიის ე.წ. 2 სვეტი – სახელმწიფო პენსია და დაგროვებითი სავალდებულო პენსია. მისი განმარტებით, აუცილებელია მთავრობამ ისაუბროს მესამე სვეტის – ნებაყოფლობითი საპენსიო დაგროვების შექმნის შესახებ, სადაც თანხების აკუმულირება კერძო საპენსიო ფონდებში მოხდება. ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულების წასახალისებლად სახელმწიფომ გარკვეული შეღავათებიც უნდა დააწესოს.

ბიზნესმედია