ზურა მანჯავიძემ სტუმარს მიკროფონი ჩაარტყა თავში

ზურა მანჯავიძემ სტუმარს მიკროფონი ჩაარტყა თავშიმომღერალ ზურა მანჯავიძის შემოქმედებით ცხოვრებაში პაუზები არცთუ იშვიათია. ჯგუფი “ფორტე”, რომლის წევრიც არის, ნაციონალების ხელისუფლების დროს “შავ სიაში” იყო, კონცერტებზე აღარ იწვევდნენ. როცა პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ჯგუფი კვლავ გამოჩნდა, მაგრამ ძველებურად აქტიურად – აღარ, მისი წევრები უკვე ოჯახური ცხოვრებითა და სხვა საქმეებით არიან დაკავებული.

ზურაბა მანჯავიძე ამ ყველაფერსა და თავის პირადზე ჟურნალ “სარკეს” უყვება.

– ბატონო ზურა, თქვენი და “ფორტეს” შემოქმედება დღეს რა ეტაპზეა?

– ვერ გეტყვით, რომ “ფორტეს” ცხოვრება დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ანსამბლის წევრს, ირინა კახნიაშვილს, მეოთხე შვილი შეეძინა და ცოტა ხანს პაუზა გვქონდა, თუმცა ახალი სიმღერები უკვე ჩავწერეთ და მალე გამოვამზეურებთ.

ღონისძიებების წაყვანით უფრო ვარ დაკავებული, ვიდრე სიმღერით. ანსამბლს კი ძირითადად კორპორატიულ საღამოებზე იწვევენ.

– კერძო ღონისძიებებია თუ კორპორატიული?

– კორპორატიული საღამოებიც არის და დაბადების დღეებიც, რაც საბოლოოდ კონცერტის სახეს იღებს, რადგან მომღერლებიც მონაწილეობენ და მოცეკვავეებიც. უკრაინიდან, რუსეთიდან თუ ყაზახეთიდან სტუმრები რომ ჩამოდიან, ღონისძიების წაყვანა რუსულ ენაზეც მიწევს.

– ნასვამი სტუმრები პრობლემებს არ ქმნიან?

– ამ საკითხში ქართველები უფრო პრობლემურები არიან, ვიდრე უცხოელები. რაიმე სიმღერა თუ მოუნდებათ, ხმის ოპერატორთან ვაგზავნი და პრობლემას ასე ვაგვარებთ.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ნასვამმა სტუმარმა პრეტენზია გამოთქვა, რუსულად რატომ მღერიო. მეგობართან ერთად ვასრულებდი სოსო პავლიაშვილის სიმღერას “ჟდიოტ ტებია გრუზინ”. რომ აღარ გაჩერდა, ბოლოს მიკროფონის თავში ჩარტყმა მომიწია. მას მერე აღარ შევუწუხებივარ.

– რამდენიმე თვის წინ ვაჟი დააქორწინეთ. ოჯახში ახალ წევრს ხომ არ ელოდებით?

– მე ბაბუობისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ და მორალურადაც, მაგრამ ჩემი შვილი და რძალი შვილის გაჩენას არ ჩქარობენ. ულამაზესი სიამის კნუტი მოიყვანეს და მას უვლიან.

– ოთხი შვილის მამა ხართ. მათთან სიმკაცრეს იჩენთ თუ რბილი მამა ხართ?

– შვილებთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ზოგჯერ ტყუპები ისე ჩხუბობენ, ხშირად ვუბრაზდები. მტრებივით არიან, მაგრამ ვერც ერთმანეთის გარეშე ძლებენ. ხანდახან ჩემი მეუღლე, თეაც, გამოჰყავთ წყობიდან.

ტყუპების წყალობით, სახლში ტერარიუმი მაქვს – ხვლიკები და კუები ჰყავთ. ცხოველები ძალიან უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ხვლიკები გულზე არ მეხატებიან, მათი სახლში მოყვანა არ გამიპროტესტებია.

ტყუპები ზოოპარკში მოხალისეებად მუშაობენ ხოლმე. ძაღლსაც სიამოვნებით იყოლიებდნენ, მაგრამ ჯერ უარს ვამბობთ, რადგან დიდი ყურადღება სჭირდება და ვიცი, რომ ისევ ჩემი მოსავლელი გახდება.

– ალბათ ბევრს აკვირვებს, ასე ახალგაზრდას ამხელა შვილები რომ გყავთ.

– მეუბნებიან, ახალგაზრდულად გამოიყურები, კი არ ბერდები, კიდევ უფრო ახალგაზრდავდებიო. გენეტიკაც ხელს მიწყობს. ასაკი არც ჩემს ძმებს ეტყობათ და არც დედაჩემს, რომელიც 77 წლის გახლავთ და თავის ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.

– თავს როგორ უვლით?

– სახის კრემს არ ვხმარობ და ბოტოქსს არ ვიკეთებ. 46 წლის ასაკში ასე რომ გამოვიყურები, გენეტიკის, ხალისისა და გულის დამსახურებაა.

ბოლო 3 წელია, ქოლესტერინის მატებამ შემაწუხა. ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს ვერიდები. მირჩევნია, დღის განმავლობაში ცოტა ვჭამო და ღამით – არაფერი, რაც ჩემს გარეგნობაზე დადებითად აისახა. წონაშიც დავიკელი.

– თქვენი ცოლიც მუშაობს თუ დიდ ოჯახს უძღვება?

– სადღა უნდა იმუშაოს? სახლში, ბავშვებთან მუშაობს. თვითონაც მუსიკოსია, მაგრამ ამდენ შვილზე ზრუნვაში დროს სხვას ვერაფერს უთმობს. ცოლს ჩემი კარგად ესმის. შეიძლება ხანდახან იმის გამო მისაყვედუროს, რომ უნდა, ოჯახთან მეტი დრო გავატარო, რაც, სამწუხაროდ, არ გამომდის.

სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”