თამარ დათუაშვილი: “ზურაბ ცინცქილაძისთვის ერთი საყვედურიც არ მითქვამს, როცა ბანკმა ბინა გაგვიყიდა”

თამარ დათუაშვილი: "ზურაბ ცინცქილაძისთვის ერთი საყვედურიც არ მითქვამს, როცა ბანკმა ბინა გაგვიყიდა"მსახიობი თამარ დათუაშვილი მისი და მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახურ ცხოვრებასა და საქმეებზე, ჟურნალ “სარკეს” უყვება.

– ქალბატონო თამარ, ადრეულ ქორწინებაში დადებითი მეტია თუ უარყოფითი?

– უარყოფითია იმ მხრივ, რომ ძალზე ახალგაზრდა ხარ იმ პრობლემებისთვის, რომლებიც ოჯახს მოაქვს. ძნელია ოჯახის მოვლა, თან სწავლა და მუშაობა.

დადებითია იმდენად, რომ ახალგაზრდა ხარ და შენი შვილები უკვე დიდები არიან. გყავს შვილიშვილები, მრავლდები, ხარ ბედნიერი მათი სიხარულით და თან შენ კიდევ შეგიძლია უამრავი კარგი საქმის კეთება.

არ იფიქროთ, რომ თავიდანვე ყველაფრის გაკეთება ვიცოდი. ჩვენ მარტო ვცხოვრობდით და ყველაფერი გზადაგზა ვისწავლე. მიხაროდა, როცა ოჯახის წევრებს ჩემი ნახელავი მოსწონდათ.

– თქვენ ამ დროს თეატრში მუშაობდით.

– დიახ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში უნდა წავსულიყავი. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ახალი თეატრის შექმნა და მთხოვეს, მათთან ვყოფილიყავი. საფუძველი ჩაეყარა “მეტეხის თეატრს”. მეც და ზურაც პირველი დღიდან იქ ვიყავით. 10 წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვნი როლი მაქვს ნათამაშები – დაწყებული ოფელიათი და ლედი მაკბეტით დამთავრებული. ამავე დროს, იყო პატარ-პატარა კინოროლებიც.

მერე დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ჩვენ, ათეისტურად აღზრდილმა თაობამ, ბევრი რამ სხვაგვარდ დავინახეთ. თათია ხაინდრავა ჩვენი ახლობელი გახლდათ, დავუახლოვდით ბატონ ზვიად გამსახურდიას. გულანთებულებმა გადავწყვიტეთ, გამოგვესწორებინა ჩვენი მცდარი ნაბიჯი (თეატრი მეტეხის ტაძარში იყო) და მე და ზურამ დავტოვეთ თეატრი.

– ზურაბ ცინცქილაძე რა ნიშნით გამოარჩიეთ იმ ახალგაზრდა კაცებს შორის, რომლებიც თქვენ გარშემო ალბათ მრავლად ირეოდნენ?

– სერიოზული იყო და არა – მექალთანე. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, თავადაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ამით არ სარგებლობდა, იაფ კომპლიმენტებს არ არიგებდა და მსუბუქ რომანებს არ აბამდა.

ჩემი მშობლები დაცილებულები იყვნენ და ამას მუდამ გავნიცდიდი. ქვეცნობიერად ყოველთვის მინდოდა, ისეთი ქმარი მყოლოდა, რომელიც მთელი ცხოვრება ოჯახის და ჩემი ერთგული იქნებოდა. ინტუიციამ მიკარნახა, რომ ზურა ჩემი მყარი საყრდენი და ერთადერთი მეგობარი იქნებოდა. არც შევმცდარვარ.

– თქვენი აზრით, რა განაპირობებს ოჯახის სიმტკიცეს?

– ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა. სიყვარული აუცილებელია, მაგრამ მთავარი ნდობაა. ჩვენ მსახიობები ვიყავით, გარშემორტყმულნი თაყვანისმცემლებით, აპლოდისმენტებით, ყვავილებით. ბევრჯერ ერთად ვყოფილვართ თეატრში, ბევრჯერ ცალ-ცალკე. ზურა გადაღებებზე დადიოდა, ყოველთვის ხომ ვერ მოვახერხებდი მის გვერდით ყოფნას? მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, უღირს საქციელს არასოდეს ჩაიდენდა.

– გავიდა წლები და თქვენ ჩამოშორდით სცენას, ბატონი ზურა კი – პირიქით, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. თქვენი კარიერა ოჯახს შესწირეთ თუ ამას სხვა მიზეზი ჰქონდა?

– პატარა შეცდომა თავიდანვე დავუშვი. მე მარჯანიშვილის თეატრში უნდა წავსულიყავი, როგორც ეს გადაწყვეტილი იყო. მეგობრებს ვერ ვუღალატე, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.

მეტეხის თეატრიდან როცა წამოვედით, გადავწყვიტე, რომ დრო იყო, მეორე შვილი გამეჩინა, მერე იყო ოთხმოცდაათიანი წლები – არეულობა, სიცივე და სიბნელე თბილისში. ჩვენ ასლან აბაშიძემ მიგვიწვია აჭარაში და წავედით.

ჩაბნელებული და ომგადატანილი თბილისის შემდეგ სამოთხეში მოვხვდით. საუცხოო პირობები გვქონდა. მაშინ აჭარაში უამრავი კარგი ქართული საქმე კეთდებოდა. ზურა იღებდა ფილმებს, დავაარსეთ ხელოვნების ინსტიტუტი.

ყველანაირად ვუწყობდი ხელს, რომ ზურას ტალანტი არ დაკარგულიყო. მართალია, რომ ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი (ცოლი) დგას. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ნამდვილად ბევრი გავაკეთე, როცა მამაკაცს, მით უმეტეს, ხელოვანს, ოჯახში ყველაფერი მოწესრიგებული ხვდებოდა და ახლაც ასეა. შვილები პრეტენზიებით და წუწუნით არ აწუხებენ, ის თავისი პროფესიულ წინსვლაზე ფიქრობს.

ცოლი ოჯახში ჰარმონიის შემქმნელი და სტიმულის მიმცემი უნდა იყოს, ქმარს სიმყუდროვე და სითბო უნდა დაახვედროს. მე მეორე სახელი ფისო მქვია და ძალიან მიყვარს კომფორტი და სითბო, როგორც ფისოს.

სანამ ბინას შევიძენდით, ვქირაობდით, რამდენიმე ოთახი გამოვიცვალეთ. ყველას უყვარდა ჩვენთან მოსვლა, რადგან ყოველთვის სტუმართმოყვარე გარემო იყო, ერთი პატარა ოთახი დიდ სიყვარულს და სინათლეს აფრქვევდა.

– ყოველთვის მოგწონდათ ქმრის მიერ გადადგმული ნაბიჯები?

– სულ დავარცხნილი ცხოვრება ვის აქვს, ჩვენ რომ გვქონოდა? ეს იყო, რომ პირად ურთიერთობაში არ გვქონია გაურკვევლობა და სიძნელეები. ალბათ პატარა წაკამათებები ყოფილა, მაგრამ სერიოზული არაფერი.

ზურას არასწორი ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს. პირნათელი კაცია ოჯახის, ქვეყნისა და მეგობრების წინაშე. თავად უმწიკვლო და პატიოსანი, მეგობარმა გაიმეტა და მთელი ოჯახი რაღაც პერიოდი ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით.

– ალბათ იმას გულისხმობთ, ბანკის ვალის გამო ბინა რომ დაკარგეთ.

– დიახ. რთულ მდგომარეობაში მყოფ ახლობელს ბანკიდან კრედიტი გამოუტანა, სანაცვლოდ ჩვენი ბინა ჩადო. ინტუიცია მეუბნებოდა, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მეგონა, ზურას არასოდეს არაფერი შეეშლებოდა. ვალდებულებები არ გაისტუმრეს და ჩვენი ბინა გაიყიდა.

– ქმარს საყვედურობდით ამის გამო?

– არა. ბევრი ცოლი წივილ-კივილს ატეხდა, ქმარს უსაყვედურებდა, ეს რა ჩაიდინე, ქუჩაში როგორ დაგვტოვეო, ზოგს შეიძლება ოჯახიც დაენგრია. მე ჩემს თავს ვკითხე: თამარ, რა არის შენთვის მთავარი – სახლი თუ საყვარელი ადამიანი? პასუხი იყო ერთი – ოჯახი და ქმარი. ერთი სიტყვითაც კი არ მისაყვედურია.

საშინელი ერთი წელი გავიარეთ, შეკედლებული ვიყავით სხვადასხვა ადგილზე. ზურა ძალიან განიცდიდა, გული სერიოზულად აწუხებდა. მერე მოახერხა, კრედიტი აიღო და ეს ბინა ისევ ჩვენ გამოვისყიდეთ.

ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვთვლი, რომ მოთმინება ძვირფასი რამაა. როგორი აღშფოთებულიც უნდა იყო, ნაწყენი და ნერვებაშლილი, თავს ძალა უნდა დაატანო და მოითმინო, შენთვის ძვირფას ადამიანებს გაუფრთხილდე, თუნდაც ნაცნობებს.

ცხელ გულზე დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ყოველთვის მოგებული დავრჩენილვარ, როცა მომითმენია. ჩემი თავიც კი შემიქია: “ყოჩაღ, თამრიკო! კარგი გოგო ხარ, რა კარგია, რომ მოითმინე”.

ია ქუთათელაძე, ჟურნალი “სარკე”