თეა წულუკიანი – ”კარგია თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა”

თეა წულუკიანი - ”კარგია თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა”იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატ შალელაშვილს არ იცნობს, თუმცა სმენია, რომ სამსახურში არ დადის.

– კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა, – ამბობს წულუკიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენლის კრიტიკის საპასუხოდ.

– დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის.

კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ. ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება.

რაც შეეხება ბატონ უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი ჩემი 17-წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია, ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერეც, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის შეწყვეტს ომბუდსმენობას, მზად ვარ, მასთან გავმართო საჯარო პოლიტიკური დებატი, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ომბუდსმენის შესახებ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, წულუკიანის განცხადება აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას თქვა, რომ „უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია“.

თავის მხრივ სახალხო დამცველი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას და მის იმიჯს აზიანებს.

ნიუპოსტი