ნინი ქარსელაძე: “რუს ბიჭებს უფრო მეტი დადებითი თვისება აღმოაჩნდათ, ვიდრე ქართველ ბიჭებს”

ნინი ქარსელაძე: "რუს ბიჭებს უფრო მეტი დადებითი თვისება აღმოაჩნდათ, ვიდრე ქართველ ბიჭებს"26 წლის მომღერალ ნინი ქარსელაძის მოსკოვური ცხოვრება გრძელდება. ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.

ნინი ქარსელაძე:

– დაახლოებით ერთი წელია, რაც იქით ვარ, თუმცა მნიშვნელოვანს ჯერჯერობით არაფერს ვაკეთებ. ძირითადად მაია ყიფიანის მეუღლის (კომპოზიტორ არნო ბაბაჯანიანის შვილი, არაიკ ბაბაჯანიანი. ავტ.) ორგანიზებულ კონცერტებში ვმღერი, ვასრულებ არნო ბაბაჯანიანის სიმღერას. მოსკოვში მაია ყიფიანთან ვცხოვრობ.

– თბილისი გენატრებათ?

– მრავალი წელია, სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობ და ერთს მივხვდი – თბილისის გარეშე არ შემიძლია. თუმცა მოსკოვში ბევრი მეგობარ-ახლობელი მყავს, ამიტომ ნოსტალგია ნაკლებად მაქვს. იქაური რიტმით ვცხოვრობ.

– გყავთ თაყვანისმცემლებიც?

– კი, ეგენიც არიან, მაგრამ სერიოზული არაფერია. ჩემთვის მთავარი კარიერა და საქმეების დალაგებაა, მერე – ყველაფერი დანარჩენი. ვთვლი, რომ ჯერ ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად ყველაფრის კეთება შემიძლია. ქალი უნდა იყოს მოწესრიგებული, ჰქონდეს კარიერა, საყვარელი საქმე, რომ შემდეგ ოჯახში ნაკლები პრობლემა შეექმნას.

– თქვენი თაობის მომღერლების მსგავსად, ადრეულ ასაკში რომ არ შექმენით ოჯახი და არ ხართ მარტოხელა დედა, მგონია, რომ დედათქვენის, ხათუნა ჟორდანიას, დამსახურებაა. ხომ არ ვცდები?

– არა, მართალი ხართ. ხათუნა ამ თემაზე ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა. მაგალითიც ბევრი მქონდა, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები რა მალე ინგრევა. 17 წლის შემდეგ არ მიფიქრია, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. თან ვერც ერთ ადამიანში დავინახე ის თვისებები, რომლებიც მე დამჭირდებოდა და გამომადგებოდა.

– რუსი მამაკაცები უფრო მოგწონთ თუ ქართველები?

– ვერ შევადარებ ქართველ და რუს ბიჭებს ერთმანეთს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, რუსებს უფრო მეტი დადებითი თვისება აღმოაჩნდათ, ვიდრე ქართველ ბიჭებს. ვთვლი, რომ ქართველმა გოგოებმა ბიჭები ძალიან გაათამამეს.

– ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეთ.

– 8 წლის წინ გავიკეთე ტუჩის კორექცია, მას მერე აღარაფერი შემიცვლია.

– ჩაცმა, გარდერობის განახლება – ამ ყველაფერს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი.

– სამწუხაროდ რატომ?

– იმიტომ, რომ ამის გამო ყველა მეჩხუბება.

– შოპოჰოლიკი ხართ?

– მგონი, ვარ, რაც ძალიან მწყინს. პატარა შენაძენიც ჩემს ხასიათზე დადებითად მოქმედებს. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შოპინგი მშველის. გარდერობში ბევრი ტანსაცმელი არ მაქვს, რადგან მყავს საყვარელი ადამიანები, რომლებსაც ვჩუქნი.

– ლამაზად გამოიყურებოდით ბიძაშვილის, კახი ჟორდანიას ქორწილში და პატარძალი, ნანუკა კლდიაშვილიც ძალიან ლამაზი იყო. ვისი კაბა ეცვა?

– ნანიკოს კაბა შეუკერა დიზაინერმა ჯაბა მელქაძემ. ცერემონიალი გააფორმა ერთ-ერთმა ქართველმა დიზაინერმა. იქაურობა ძალიან ლამაზი იყო. კახისა და ნანიკოს მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ძმას ასეთი მეუღლე ჰყავს. ნანიკო კახისგან არ გამიცვნია, დიდი ხნით ადრე ვიცნობდი. ჩვენ მეგობრები და ოჯახის წევრები უფრო ვართ, ვიდრე რძალ-მული.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”