უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი თეა წულუკიანის წინააღმდეგ – “ვემიჯნები მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებას”

უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი თეა წულუკიანის წინააღმდეგ - "ვემიჯნები მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებას"საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.
დეპუტატი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.
”მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.
მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.
ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არც ერთი საერთაშორისო ან ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით”,- წერს დეპუტატი.