“ჩემმა ვაჟმა ჩემი ქალიშვილის ქმარი ჩხუბში მოკლა”

"ჩემმა ვაჟმა ჩემი ქალიშვილის ქმარი ჩხუბში მოკლა"დედობრივი სიყვარული დედას ზოგჯერ ხელს უშლის რეალობის აღქმაში. მარგოს ქალიშვილი დედის დაუკითხავად გათხოვდა, რაც დედისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუ რა მოხდა ამის შემდეგ, მარგოს მონათხრობიდან გაიგებთ.

მარგო, 62 წლის:

– ის, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, ყველამ იცის, მაგრამ ამაზე ახლობლებთან საუბარს ვერიდები, არ მსიამოვნებს, მით უმეტეს, როცა ეს ამბავი ჩემს შვილებს ეხება. ამიტომ გადავწყვიტე, ინკოგნიტოდ დავრჩე.

მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი 30 წლის წინ შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არანაირი სიყვარული და რომანტიკა არ ყოფილა (გარიგებით გავთხოვდი), ბედს არ ვემდუროდი. ჩემი ქმარი შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა – კულტურული, ინტელიგენტი, გარეგნობითაც არ დაიწუნებოდა. მყარი და შეხმატკბილებული ოჯახი გვქონდა. ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით და არასოდეს გვიჩხუბია.

ორი შვილი შეგვეძინა, ქალ-ვაჟი. ერთი ჩვეულებრივი, თბილისური ინტელიგენტური ოჯახი მქონდა. მე პედაგოგი ვარ, სკოლაში ვმუშაობ, ჩემი მეუღლე კი დოცენტია ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. შვილებისთვის არასოდეს მიმიცია რჩევა-დარიგება, ასე და ასე მოიქეცითო. ვფიქრობდი, რომ მშობლების მაგალითი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი.

– შვილებმა იმედები არ გაგიმართლეს?

– ამას არგამართლება არ ჰქვია. ორივემ ისე გამამწარა, რომ სიცოცხლე აღარ მინდა.

– მაინც რა გააკეთეს ასეთი?

– ჩემი ქალიშვილი მეოთხე კურსზე იყო, როცა ერთ უსაქმურ და ყალთაბანდ ბიჭს გადაეკიდა. მეგობარმა გააცნო. ლამაზი გოგონა მყავს, კარგადაც სწავლობდა და რამდენიმე მშვენიერ ბიჭსაც მოსწონდა, თუმცა გათხოვებას არ ჩქარობდა.

ლანას ერთი დაქალი ჰყავდა, რომელთანაც პირველი კურსიდანვე ახლობლობდა. შეუხედავი გოგო იყო, ცუდად სწავლობდა, მხოლოდ ჩაცმა-დახურვა აინტერესებდა. ირინას ყველაფერს უყვებოდა, ის კი თურმე შურით სკდებოდა. ერთი-ორჯერ ის გოგო ჩვენთან მოვიდა და თავიდანვე მის მიმართ უარყოფითად განვეწყვე. არ მინდოდა, ჩემს შვილს მასთან ემეგობრა და თავისი საიდუმლოებები გაენდო, ამიტომ ერთხელ ლანას ფრთხილად შევაპარე, ირინა რაღაც არ მომწონს და მისგან თავი შორს დაიჭირე-მეთქი. ლანა კი უცებ გაწიწმატდა და ჩემი ნათქვამის დასაბუთება მომთხოვა. მე არანაირი არგუმენტი არ მქონდა საამისოდ. ლანა ძალიან გაბრაზდა ჩემზე და მოულოდნელად უხეშად მომახალა – აი, ასეთი ცუდი ადამიანი ხარ, სულ რაღაც გელანდება, არავის ენდობი, იმიტომ, რომ თვითონ ხარ ასეთიო.

– დაქალის გამო წაიჩხუბეთ?

– ლანასგან ასეთი საქციელი პირველი იყო. მანამდე ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. მერე დავფიქრდი და დავასკვენი, ალბათ, ეს შვილის დიდი სიყვარულის გამო მემართება-მეთქი. მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ ჩემი გოგო მეგობრის გამო ასე მატკენდა გულს.

ერთ დღეს ლანამ სახლში ძალიან დააგვიანა. როცა ღამის პირველ საათს გადასცდა და არ გამოჩნდა, მე და ჩემი ქმარი ძალიან შევშინდით. ის იყო, მეგობრებში უნდა დაგვეწყო ძებნა, რომ უცებ ირინამ დარეკა და გვითხრა, რომ ლანა გაიპარა.

– გათხოვდა?

– ამასაც თუ გათხოვება ჰქვია. თურმე ირინამ გააცნო ვიღაც გარეწარი, ქურდი და ნარკომანი, თანაც ისეთი მახინჯი, სანთლით რომ ეძებო, მის მსგავსს ძნელად იპოვი. მორიგი შოკი კი მაშინ მივიღე, როცა ლანამ გამომიცხადა, სწავლას თავს ვანებებო. იმ არაკაცს ასე უნებებია – ცოლი სახლში უნდა იჯდესო. თურმე ნუ იტყვით, ეჭვიანობდა ვაჟბატონი. ეს ჩემი სულელი შვილიც ადგა და უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდან გამოვიდა.

ის კაცი ოჯახში არ მივიღე, ლანასაც არ უშვებდა ჩვენთან. ათასში ერთხელ თუ მოვიდოდა. როცა ლანამ მითხრა, რომ სწავლის გაგრძელება აღარ უნდოდა, ელდა მეცა, მივხვდი, ვისი დამუშავებულიც იყო და ვუყვირე, გონს მოდი, სახლში დარჩი და იმ კაცის სახელი აღარ მიხსენო-მეთქი. ლანა გადაირია, როგორ თუ ქმარს მაშორებ და ოჯახს მინგრევო და მთელი ძალით თავში ჩამარტყა.

– ეს როგორ გააკეთა?

– დღემდე ვფიქრობ და ვერ გამიგია, რა დაემართა. თითქოს შვილი გამომიცვალეს. ეს ის ლანა აღარ იყო. მისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, ისეთი დინჯი და თბილი გოგონა იყო. გათხოვების შემდეგ კი რადიკალურად შეიცვალა. ყველა გულიდან ამოგვიღო. აქამდე ჯადოების არ მჯეროდა, ახლა კი დარწმუნებული ვარ, ირინამ ლანას რაღაცა გაუკეთა.

– რატომ გგონიათ ასე? საკმაოდ მძიმე ბრალდებაა.

– ირინას ლანასი ყოველთვის შურდა. ამას ვამჩნევდი. მისი გარეგნობა, ნიჭი მოსვენებას არ აძლევდა, თანაც ის ბიჭი რომ გააცნო და თავგზა აურია, განა არ იცოდა, რა შვილიც ბრძანდებოდა? როგორც გავარკვიე, ყველაფერი მშვენივრად უწყოდა, მაგრამ შეგნებულად გადაჰკიდა ერთმანეთს და შვილი გამიუბედურა. მერე კი რეკავდა და მგესლავდა, საწყალი ლანა, ასეთი ქმრის ხელში როგორ მეცოდებაო. თავი ისე ეჭირა, თითქოს ძალიან განიცდიდა. მე კი კარგად გამოვლანძღე და ისეთივე ბედი ვუსურვე.

– ახლა ლანა და მისი ქმარი ერთად არიან?

– ლანას მდგომარეობა ოჯახში არ დავმალე. მართალია, ჩემს ქმარს ძალიან ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მოვუყევი, მისი ქალიშვილი რა დღეშიც იყო. კაცმა ისე ინერვიულა, ინსულტი დაემართა და ცალი მხარე მთლიანად წაერთვა. ლაპარაკიც უჭირს. მე შაქარმა ამიწია.

ყველაზე დიდი საშინელება კი თურმე წინ მელოდა. ერთხელ ჩემი ვაჟი, რომელიც მაშინ უკვე ასპირანტურაში სწავლობდა, ლანასთან მივიდა. სიძემ ცოლისძმა ვითომ პატივით მიიღო და სუფრა გაუშალა. ჩემი ბიჭი არ არის მოჩხუბარი და შარიანი, პირიქით, საკმაოდ მშვიდი ხასიათი აქვს, მაგრამ საკუთარი დის გამო ძალიან განიცდიდა. მასთან არასოდეს მიდიოდა, მაგრამ იმ დღეს ნასვამი იყო და დაიკოს მონახულება მოუნდა, თან ფიქრობდა, რომ რამენაირად გონს მოიყვანდა და სახლში დააბრუნებდა. მე დამირეკა სამსახურიდან და მითხრა, დღეს ლანას უნდა შევუაროო. შევატყვე, რომ ნასვამი იყო და დავუშალე, შემეშინდა, ჩემს სიძესთან კონფლიქტი არ მოუხდეს-მეთქი. ჩემს სიძეს უთქვამს, ნეტა რატომ არ მოგწონვართ, ჩემზე უკეთესები რითი ხართო. სიტყვას სიტყვა მოჰყოლია, ღვინომაც თავისი ქნა და ჩხუბი ამტყდარა. ლანას ქმარს დანა აუღია და ჩემი ბიჭისთვის მოუქნევია, იმას აუცილებია, დანა წაურთმევია და სიძისთვის დაურტყამს.

– დაჭრა?

– მთავარი არტერია გადაუჭრა. რამდენიმე წუთში ლანას ქმარი გარდაიცვალა. საავადმყოფოში მიყვანამდე სისხლისგან დაიცალა. ჩემი შვილი პოლიციაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა. წინასწარგანზრახული მკვლელობის მუხლი შეუფარდეს. ახლა ციხეში ზის და სასჯელს იხდის.

– ლანა როგორ არის?

– ძალიან ღრმა დეპრესია აქვს. უკვე მეშვიდე წელია ამ მდგომარეობაშია. ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი. სახლიდან გარეთ არ გადის. მე და მამამისს თითქმის არ გველაპარაკება.

– შვილი არ შესძენია?

– არა, კიდევ კარგი, არ დაფეხმძიმებულა, თორემ ჩემს უბედურებას კიდევ ეს უნდოდა? ნარკომანის შვილი, ვინ იცის, როგორი გამოვიდოდა, თან ასეთი გენეტიკის.

აი, ასეთია ჩემი გასაჭირი. ბედნიერი ოჯახი ბოროტი და შურიანი ადამიანის მსხვერპლი გახდა. ახლა ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრები, ჩემი შვილების ცოდვამ არ გაახაროს. უფალი სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, ირინას საკადრისს მიუზღავს, თუმცა ამით მე უკვე აღარაფერი მეშველება.