„გუმაშვილი სირიაში იმყოფება, ჩატაევმა თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა“ 

„გუმაშვილი სირიაში იმყოფება, ჩატაევმა თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა“ ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ აჰმედ ჩატაევმა თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა.როგორც „ნიუპოსტს“ ჟურნალისტმა განუცხადა, თუ შაჰიდის ქამრის არსებობა დადასტურდა, გამოდის, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, რომელიც შესაძლოა, თვითმკვლელთა მონაწილეობით განხორციელებულიყო.

ამასთან, ნინო ბურჭულაძე „ნიუპოსტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ​სპეცოპერაცისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ადამ (გურამ) გუმაშვილი, იგივე ფაიზულა ალ შიშანი არ არის.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ISIS -ის „იუსტიციის მინისტრი“ პანკისში, ოჯახთან კონტაქტზე მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გამოვიდა და მოკლეტექსტური შეტყობინებაში წერდა, რომ სირიაში იმყოფება.

– ვერ წარმომიდგენია, რომ პანკისის ხეობის რომელიმე წარმომადგენელს სურვილი გასჩენოდა, საქართველოში სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს განეხორციელებინა ტერორისტული აქტი. ამასთან, ჩემთ ხელთ არსებულ ფოტოს, რომელიც შარშან, გაზაფხულზეა გადაღებული, თუ იმ ფოტოს შევადარებთ, რომელიც სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა, არ არის ერთი და იგივე პიროვნება. გურამ გუმაშვილი ასაკით უფრო დიდი და ჭაღარაა, ვიდრე ის პირი, რომელიც სპეცოპერაციისას არის ლიკვიდირებული.

გარდა ამისა, მქონდა პანკისის ხეობაში კომუნიკაცია და როგორც მითხრეს, 24 ნოემბერს ის კავშირზე გამოვიდა და მაშინ უთხრეს, რა მოხდა თბილისში, რაზეც ცალსახად თქვა, რომ სირიაში იმყოფება. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გუმაშვილს 22 ნოემბერს ვერავინ მოკლავდა,“ – ამბობს „ნიუპოსტთან“ ჟურნალისტი.

ნინო ბურჭულაძის თქმით, ვერავინ დააჯერებს, რომ „შაჰიდის ქამარი აჰმედ ჩატაევმა იმ წუთში მოამზადა, რათა თავი აეფეთქებინა“. „ყველა შევჯერდით, რომ ჩატაევი შეიძლება ყოფილიყო ის პირი, ვინც სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა. გარდა იმისა, რომ იმ სახლში, სადაც ეს პირები იმყოფებოდნენ, დიდი ოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებასთან ერთად, შესაძლოა, ყოფილიყო ე.წ. შაჰიდის ქამარი. დარწუნებული ვარ, ეს ქამარი არ იქნებოდა ერთი და რაც მთავარია, იმიტომ არ იქნებოდა, რომ ვიღაცას თავი აეფეთქებინა. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ტერაქტი, რომელსაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები გეგმავდნენ, მომხდარიყო თვითმკვლელების მონაწილეობით. თუ ამ ვერსიას გავყვებით, ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, გაირკვეს, თავი უნდა აეფეთქებინათ ახმედ ჩატაევის თანმხლებ პირებს თუ სხვა ადამიანებს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ტერაქტი, რომელიც თვითმკვლელების მეშვეობით ხდება, ყოველთვის მრავალრიცხოვან მსხვერპლზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რას იტყვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა თავადაც არ იცოდნენ, ვინ არიან ლიკვიდირებულნი.

– როგორც ცნობილია, ხალიფატის წევრებს რამდენიმე სახელი აქვთ, ხშირ შემთხვევაში, მათ ნამდვილი გვარ-სახელებით არავინ იცნობს. ჩემი აზრით, არაა გამორიცხული, რომ ქართველ სამართალდამცავებს ლიკვიდირებულთა იდენთიფიცირება თავადაც უჭირდეთ. ჩატაევთან დაკავშირებით შესაძლოა, მეტი ინფორმაცია აქვთ, თუმცა იმას, რომ პირმა, რომელმაც თავი აიფეთქა, ახმედ ჩატაევია, მეტი დასაბუთება და მტკიცებულება სჭირდება – მაგალითად, დნმ-ს ანალიზი. ჩატაევი ძალიან დიდი ფიგურა იყო, რომელიც აშშ-ს ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, ამიტომ ამ მიმართულებით მტკიცების ტვირთი უფრო მაღალია, – განმარატა „ნიუპოსტთან“ ბურჭულაძემ.

მისივე ინფორმაციით, ლიკვიდირებული პირები საქართელოს მოქალაქეები არ არიან. ბურჭულაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ისინი ჩეჩნები არიან.