ლაშა ჩხარტიშვილი: „კალაძე ისე დარბის, პრემიერობას ან პრეზიდენტობას უმიზნებს“

ლაშა ჩხარტიშვილი: „კალაძე ისე დარბის, პრემიერობას ან პრეზიდენტობას უმიზნებს“რატომ იზრდება უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმები, რას უკავშირდება კახა კალაძის აქტიური სირბილი ქალაქში, რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს, რა საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთ საქართველო გაზაფხულზე? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.

– ლაშა, ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება და 20 ლარი ხდება. ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– ჯარიმის გაზრდა არის არაჰუმანური. უბილეთო მგზავრების დიდი ნაწილი ბილეთს იმიტომ ვერ ყიდულობს, რომ ამის ფული არ აქვს. ამას რომ თავი დავანებოთ, ჯარიმის თანხის გაზრდა არაფექტური იქნება.

5-ლარიანი ჯარიმა სავსებით ნორმალური იყო, რადგანაც გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი პრობლემურია. აქედან გამომდინარე ჯობდა, ხშირად იქნას გამოყენებული 5-ლარიანი ჯარიმა, ვიდრე _ 20-ლარიანი იშვიათად.

მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნორმალური ადამიანები არიან. მათ 5-ლარიანი ჯარიმის გამოწერაც უჭირთ და 20-ლარიანი ჯარიმის გამოწერა კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

გარემოს დაბინძურებაზეც დაწესებულია ჯარიმა. ნახევარი წლის მანძილზე სულ 3.000 ლარი ჯარიმაა გამოწერილი. ეს ძალიან ცოტა თანხაა იმ ქალაქისთვის, სადაც ბევრი ვერ ხვდება, რომ ქუჩაში არაფერი დაყაროს. ჯობდა, 20-ლარიანი ჯარიმა დაეწესებინათ და ბევრი დაეჯარიმებინათ. უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდა, ჩემი აზრით, პირუკუ შედეგს გამოიღებს.

– აბა რატომ ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას?

– ადეკვატური იდეებით ეს ხელისუფლება არასდროს გამოირჩეოდა. შესაბამისად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც ჰუმანურია და არც _ ეფექტური. ავტობუსებზე რაკი მიდგა საქმე, უმჯობესი იქნებოდა, ამასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემების მოგვარებაზე ეფიქრათ.

არჩევნების წინ ბევრს საუბრობდნენ ახალი ავტობუსების შემოყვანაზე.

უმჯობესია, თანამედროვე ავტობუსები შემოიყვანონ და მორიგე ავტობუსები დაამატონ, რომლებიც ღამით იმოძრავებენ. სამწუხაროდ, მიკროავტობუსებიც ძალიან ადრე ამთავრებენ მუშაობას. ხშირად ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კარგად ვიცნობ ამ პრობლემას. სადღაც 22.00 საათის შემდეგ, თბილისი ფაქტიურად ტაქსების ამარა რჩება. უცნაური გადაწყვეტილებების მიღებას, ჯობდა, ამაზე ეზრუნათ. ძალიან ცუდი იქნება თუ კალაძე ჯარიმის გაზრდით დაიწყებს მერობას.

კალაძის ფეხით სირბილზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. აშკარაა, რომ ეს პრობლემების გაცნობას არ უკავშირდება. მისი ქმედებები მახსენებს სააკაშვილს. ისიც ასე დარბოდა და მერე ვნახეთ, რომ მეტროდან ძალიან მალე მივიდა 2 თვითმფრინავამდე.

– სააკაშვილი ახსენეთ და მან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

– ეს ნაცადი ხერხია და ამით ვეღარავის გაასულელებენ. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს მწარე გამოცდილება. კალაძის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული და აქტიური გარბენები ქალაქში მიუთითებს იმაზე, რომ ის თბილისის მერობას არ დასჯერდება. ახლო მომავალში, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, მას პრემიერის ან პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიხილავთ.

სამწუხაროდ, საქართველოში ივანიშვილის ნების გარეშე არაფერი ხდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში მაინც არ გაივლის მის ჭკუაზე. ეს რომ ასე არ მოხდეს, ამისთვის ჩვენც მოგვიწევს ბევრი სირბილი.

– კალაძისთვის მერობა არ არის საკმარისი? თბილისის მერობა პატარა ამბავი არ არის.

– თბილისის მერობა პატარა თანამდებობა არ არის, მაგრამ ადამიანებს განდიდების მანია აწუხებთ, გამონაკლისი ამ მხრივ არც კახა კალაძეა. ის რომ დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, მისი ამბიციები ტრაგედია არ იქნებოდა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ `ოცნებაში~ დამოუკიდებელი ფიგურები არ არიან.

სხვებთან შედარებით კალაძეს ოდნავი დამოუკიდებლობა მაინც აქვს. მას ადრევე აქვს იმიჯი მოპოვებული, თუმცა ეს იმიჯი სულ სხვა სფეროშია მოპოვებული.

– ფეხბურთით მოპოვებული იმიჯი პოლიტიკაში საკმარისი არ არის?

– ეს ქართული პოლიტიკის დიდი პრობლემა გახდა. შეიძლება ადამიანი იყოს კარგი მსახიობი, კარგი მომღერალი, დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ის კარგი პოლიტიკოსი იქნება.

ყოფილ ფეხბურთელს ან მომღერალს იმის უნარიც თუ აქვს, რომ ხალხის მხარდაჭერა საზოგადოებრივი ცხოვრებითაც მოიპოვოს, ის გახდება პოლიტიკოსი, მაგრამ მარტო სცენაზე და მოედანზე მოპოვებული წარმატება საკმარისი არაა ქვეყნის სამართავად.

როგორც უკვე გითხარით, კალაძე სხვებთან შედარებით დამოუკიდებელია, მაგრამ ის დიდწილად მაინც ივანიშვილზეა ჩამოკიდებული. შესაბამისად, ის დამოუკიდებელი ფიგურა ვერასდროს გახდება. `ქართული ოცნება~ არის ბოლშევიკური დაჯგუფება, სადაც ცდილობენ, რომ ზედაპირული მახასიათებლებით აარჩიონ კანდიდატები და ასე გააგრძელონ ერთპარტიული მმართველობა.

ერთპარტიული მმართველობა დამღუპველია. ეს ჩვენმა საზოგადოებამაც კარგად იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს რეალობის შესაცვლელად. ეს ამ არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა. ამომრჩევლის 55% აცნობიერებს, რომ ერთპიროვნული მმართველობა დამღუპველია, მაგრამ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

– არასწორ გადაწყვეტილებაში რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ეს 55% არჩევნების დღეს სახლში დარჩა და ცივი წყალი დალია. გაბრაზებულ გულზე ცივი წყლის დალევა კარგია, მაგრამ ეს პოლიტიკას არ წაადგება. ამ ადამიანებმა სახლში დარჩენით გადაწყვიტეს არჩევნების ბედი, სახლში დარჩენით ხელისუფლებაში დატოვეს ბოლშევიკები, რაც სახელმწიფოსთვის ნამდვილი ტრაგედიაა.

მესმის, რომ ხალხი იმედგაცრუებულია, მაგრამ იმედგაცრუება საქმეს არ შველის. ეს ქვეყანა ჩვენია, ამიტომ კეთილი ვინებოთ და ვიაქტიუროთ. აქტიურად უნდა ვიაროთ არჩევნებზეც, მიტინგებზეც და სასამართლოებზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიტარიზმში მოგვიწევს ცხოვრება.

–  თქვენი აზრით, ახლა ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ?

– ავტორიტარიზმია, აბა რა არის. ავტორიტარიზმი ავტორიტარიზმია, რა მნიშვნელობა აქვს, რბილ ფორმებშია ის გამოხატული თუ უხეშში. სააკაშვილის ამოსავალი წერტილი იყო ფული და ძალაუფლება და იგივეა ივანიშვილისთვისაც. ეს უკანასკნელი უფრო ოსტატურად ახერხებს ავტორიტარიზმის შეფუთვას.

– ავტორიტარიზმის შეფუთვაში რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ის უფრო რბილ ფორმებში ამჟღავნებს ავტორიტარიზმს, ვიდრე ამას აკეთებდა სააკაშვილი. შესაბამისად, ივანიშვილი უფრო სახიფათოა. ის არის ეშმაკი და ეშმაკი მტერი უფრო საშიშია.

სააკაშვილი იყო ღია მკვლელი, რომელიც არც მალავდა, რომ მკვლელი იყო. ყოფილი პრემიერი შეფარული ავტორიტარია, რომელსაც სამუდამოდ უნდა ქვეყნის მართვა. ყველაფერთან ერთად, ის არის შეფარული მკვლელი. როდესაც მკვლელებს არ სჯი და მათ შესაბამის სტრუქტურებში ინახავ, ეს იმას ნიშნავს რომ საჭიროების შემთხვევაში მათ იმავე მიზნებისთვის გამოიყენებ, რისთვისაც წინა ხელისუფლება იყენებდა.

– მოდით, ისევ კალაძის ამბიციებს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, მისი პრეზიდენტობა თუ პრემიერობა უკვე გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილს, თუ კალაძე ცდილობს ამ სირბილით მისთვის იმის დამტკიცებას, რომ ყველაზე მეტად ის იმსახურებს ამ თანამდებობებს?

– რატომღაც მგონია, რომ კალაძე უფრო აქტიურია ამ მიმართულებით. ის ცდილობს, ივანიშვილის კარზე მეტი ქულები დაიწეროს და გარანტირებულად მიიღოს პრეზიდენტობაზე შეთავაზება. არც ისაა გამორიცხული, ერთობლივ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი. კალაძემ კარტი თვითმმართველობის არჩევნებზე კარგად გამოიყენა.

– თქვენ ბიოლოგი ხართ და აუცილებლად უნდა გკითხოთ ფაროსანაზე. ხელისუფლება ამბობს, რომ მის გასანადგურებლად შეიძლება მისი ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ. არის გარანტია, რომ ბიოლოგიური მტერი ფაროსანას გაანადგურებს?

– ფაროსანასთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ დანაშაულებრივი გულგრილობა გამოიჩინა. ფაროსანა უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველოშია და მის წინააღმდეგ ადეკვატური მეთოდების გამოყენებაზე არ უფიქრიათ. იყო ეპიზოდური და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ქმედებები, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და დღეს ამის გამო უმძიმეს ვითარებაში ვიმყოფებით.

ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას აქამდეც უნდა ეფიქრა ამაზე. მხოლოდ იაპონური კრაზანა არ არის ფაროსანას მტერი, ეს იაპონური კრაზანა ან გაამართლებს, ან არა. ამიტომაც სხვა გზებიც უნდა მოიძებნოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი სახეობების გამოყენება. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე კვლევა და ხელისუფლება ვალდებულია, ეს კვლევა დააფინანსოს. საქართველოში ამ მიმართულებით სპეციალისტები, საბედნიეროდ, ჯერ ისევ გვყავს.

– საქართველოში არსებობს ფაროსანას ბიოლოგიური მტერი?

– საქართველოში გვყავს 9 პოტენციური სახეობა, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლაში ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე იაპონური კრაზანა. ამისთვის საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება. ხელისუფლებამ ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის დამატებით რამდენიმე ათასი ლარის გამოყოფა არ ისურვა.

– ხელისუფლება ამბობს, რომ ფაროსანასთან საომრად 14 მილიონს გამოყოფს და კვლევის ჩასატარებლად ენანებათ ფული?

– ფაქტია, რომ ენანებათ. ეს კვლევა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო. სანამ ბიოლოგიური მეთოდის გამოყენებას დაიწყებ, მანამდე უნდა ჩაატარო კვლევა. ჯერ უნდა დავადგინოთ, რომელი სახეობაა ეფექტური და მერე დავიწყოთ მისი გამოყენება.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ მიდის ამ ნაბიჯზე ხელისუფლება. ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და თავს იქნევენ. ეს გულგრილობა შეიძლება ძალიან მძიმედ დასრულდეს. დასავლეთ საქართველო გადაჭამეს და ახლა აღმოსავლეთ საქართველოს შეესევიან. ასეთ შემთხვევაში მთელი ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდება.