“მულის ქმარი შემიყვარდა”

"მულის ქმარი შემიყვარდა"ხშირად სიყვარული ეგოისტობას მოითხოვს და ადამიანიც იძულებულია, მას დაემორჩილოს. ინგას ცხოვრებაშიც ასე მოხდა, ის ჯერ მხოლოდ 32 წლისაა და სიყვარულის გამო ყველაფერზე უარი თქვა. თუ რატომ მოიქცა ასე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ინგა, 32 წლის:

– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ დამემართებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ სიყვარულის გამო ადამიანები ათას სისულელეს ჩადიოდნენ, მაგრამ ასეთ თავდავიწყებას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. სკოლის პერიოდიდანვე ვიყავი შეყვარებული. ხან ერთი ბიჭი მიყვარდა, ხან მეორე. მერე მივხვდი, რომ ეს უფრო ფლირტი იყო, ვიდრე სიყვარული. ნამდვილი სიყვარული ძალიან გვიან მეწვია, 31 წლის ასაკში, მაგრამ მაშინ სხვისი ცოლი ვიყავი. ჩემს მეუღლე ვახოს გაცნობიდან დაახლოებით 2 თვეში გავყევი ცოლად. ქობულეთში გავიპარეთ და 10 დღის შემდეგ ჩამოვედით თბილისში. მისმა ოჯახმა კარგად მიმიღო და ჩვეულებრივი ცხოვრება დავიწყეთ. ერთი შვილი შეგვეძინა. ბავშვს მამამთილის სახელი დავარქვი, რადგან ვახოს მამა გარდაცვლილი ჰყავდა და მთხოვა, მისი სახელი დამერქმია, მეც უარი ვერ ვუთხარი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვახო ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, როგორზეც ვოცნებობდი.

– როგორზე ოცნებობდით?

– მამაკაცზე, რომელიც ყველასგან დამიცავდა და კლდესავით შევაფარებდი თავს. ის ყველაფერში დედას უჯერებდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ სახლში მობრუნებული მული მყავდა. დალი ცუდად არ მექცეოდა, მაგრამ ბავშვიანი მული სახლში არავის უნდა. მისი გოგონა ჩემს ბიჭზე 4 წლით უფროსი იყო. დედამთილთან უკმაყოფილება კი მქონდა, მაგრამ ისეთი არა, ერთმანეთი თმებით რომ გვეთრია. ერთ დღესაც დალიმ გამოგვიცხადა, რომ შეყვარებული ჰყავდა და იმ კაცს ცოლად უნდა გაჰყოლოდა. ოჯახში ეს ახალი ამბავი ყველას გაგვიხარდა. სიმართლე გითხრათ, გუნებაში მისი ბედნიერება კი არ გამიხარდა, არამედ ის, რომ მული სახლიდან წავიდოდა და ფართი მოგვემატებოდა, სამოთახიან ბინაში ამდენი ადამიანი ვიწროდ ვცხოვრობდით. დალის გათხოვების საქმეში საერთოდ არ ჩავერიე, რადგან მეშინოდა, დედამთილს რამეზე კუდი არ გამოება და კამათი არ მოგვსვლოდა. როდესაც ზეზვა დალის ხელის სათხოვნელად მოვიდა, მისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ერთი კი გავიფიქრე, ეს სიმპათიური ბიჭი ჩემი მულისთვის როგორ გადაირია-მეთქი და სამზარეულოში გავედი.

– ანუ დანახვისთანვე მოგეწონათ ზეზვა?

– კი. მის მიმართ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი.

– დალის გათხოვებასთან დაკავშირებით თქვენს პასიურობაზე ოჯახის წევრები არაფერს გეუბნებოდნენ?

– არა. ვახოს გარკვევით ვუთხარი, რომ დალის საქმეში არ ჩავერეოდი. ვახომაც მირჩია, შენ ნუ ჩაერევიო. ზეზვამ დალი დანიშნა და პატარა ნიშნობა გადავიხადეთ. ქორწილიც ვიწრო წრეში გადაიხადეს.

– ზეზვასთვის ეს პირველი ქორწინება იყო?

– არა, მას ცოლ-შვილი ჰყავდა მიტოვებული. როდესაც დალი ფეხმძიმედ დარჩა, რთული ფეხმძიმობა ჰქონდა და იძულებული იყო, ჩვენთან გადმოსულიყო საცხოვრებლად. მერე ზეზვაც რჩებოდა ღამით. არაერთხელ დამინახავს ზეზვა ნახევრად შიშველი, მის ტანს თვალს ვერ ვაშორებდი. ვახო მასთან საცოდაობა იყო.

– ცოლ-ქმარს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

– ძალიან ცუდი. სულ ჩხუბობდნენ და კამათობდნენ. მათი ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც დალის მუცელი მოეშალა. დალი საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, ზეზვამ სახლში წაიყვანა. როცა მის სანახავად მივედი, კარი ზეზვამ გამიღო. ის, როგორც ყოველთვის, ნახევრად შიშველი იყო, მეც რაღაც დამემართა და თვალი ვერ მოვწყვიტე. ორივენი უხერხულად ვიდექით კარში. დალის გოგონას რომ არ დაეძახა, ინგა ბიცოლა მოვიდაო, ალბათ, დიდხანს ვიდგებოდით ასე.

– დალიმ არაფერი იეჭვა?

– არა. მაგრამ იმ დღის შემდეგ ზეზვასა და ჩემ შორის რაღაც დაძაბული უხერხულობა ჩამოვარდა. თითქოს ერთმანეთს გავურბოდით. დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა ასე. დეტალებს აღარ მოვყვები, მაგრამ სულ ზეზვაზე ვფიქრობდი. თავს ვარწმუნებდი, რომ ზეზვა ჩემი ნათესავი იყო, მაგრამ რომ დავფიქრდებოდი, ნათესავი არ გამოდიოდა. თავადაც არ ვიცი, როდის და როგორ შემიყვარდა ჩემი მულის ქმარი.

– ზეზვა როგორ იქცეოდა?

– ზეზვა თავიდან თავშეკავებული იყო, მაგრამ მერე მისგან პირველი ინიციატივა რომ წამოვიდა, მეც ავყევი. ზეზვასთან პირველი დაწოლა მხოლოდ ვნება იყო და მეტი არაფერი. მეგონა, სურვილს დავიკმაყოფილებდი და ამით მორჩებოდა ყველაფერი, მაგრამ შევცდი. მის მიმართ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომელიც არასდროს მიგრძნია. ისიც ჩემს დღეში იყო. მთელი 4 თვე საყვარლები ვიყავით, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

– თქვენმა მეუღლემ ვერაფერი გაიგო?

– ის ვერაფერს მიხვდა, სანამ სახლიდან არ წავედი. წავედი და ბავშვიც წავიყვანე. ერთ დღეს, როდესაც ჩემი დედამთილი და ვახო სახლში არ იყვნენ, ყველაფერი ჩავალაგე და სახლიდან წამოვედი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.

– ბავშვის მამა ვახო არ იყო?

– არა. რაც ზეზვას საყვარელი გავხდი, ვახოსთან ურთიერთობა არ მქონია. ხან რას ვიმიზეზებდი, ხან რას. ის კი არა, ზეზვა დალისთან რომ იყო, მაგაზე ვგიჟდებოდი.

– ბავშვზე ზეზვას როგორი რეაქცია ჰქონდა?

– ძალიან გაუხარდა. მე და ზეზვამ ბინა ვიქირავეთ და ერთად ვცხოვრობთ. მართალია, ჩვენი ბედნიერება ორი ადამიანის უბედურებაზე ავაგეთ და მშობლებმაც სამუდამოდ მიმიხურეს კარი, მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებს. მხოლოდ ერთის მეშინია, ზეზვამ ისევე არ მიმატოვოს, როგორც დალი მიატოვა, მასაც ხომ სიყვარულს ეფიცებოდა. ზეზვა ჩემგან რომ წავიდეს, მოვკვდები. იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. თუმცა, ის მარწმუნებს, რომ ჩემ მიმართ რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს და არასდროს მიმატოვებს. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს ის ჩემთან არის და ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია.