თბილისის მერია ჩუღურეთში, ცაიშის N36-ში, მცხოვრებლებს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს

თბილისის მერია ჩუღურეთში, ცაიშის N36-ში, მცხოვრებლებს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემსჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის, ვისაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ, ეტაპობრივად დაიწყება ამის მოგვარება.

– მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში ბიუროკრატიული პროცედურების, თუ სხვა მიზეზების გამო, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ დავპირდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პირველ რიგში, სწორედ, ამ საკითხის მოგვარებას დავიწყებდი. რაღა თქმა უნდა, დანაპირებს ვასრულებ და მინდა გითხრათ, რომ ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობენ და სარგებლობენ დაუკანონებელი ფართებით, ჩვენ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადავცემთ ბინებს. ჯამში დაკმაყოფილდება 23 ოჯახი, 1353,59 კვ.მ. ფართით.

ეს ის ოჯახებია, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მუდმივად ცხოვრობდნენ შიშით, რომ დღეს თუ ხვალ გამოასახლებდნენ, დარჩებოდნენ ღია ცის ქვეშ. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება და მინდა გითხრათ, რომ პროცესი ამითაც არ დასრულდება. ჩვენ განვიხილავთ ყველა ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პირველი არხი