მამუკა გამყრელიძე: „ოთხი ლაწირაკი ბიჭი ჩეხავდა თანატოლს ვერაზე, გამოვგლიჯე ხელიდან და საავადმყოფოში მივიყვანე”

 

მამუკა გამყრელიძე: „ოთხი ლაწირაკი ბიჭი ჩეხავდა თანატოლს ვერაზე, გამოვგლიჯე ხელიდან და საავადმყოფოში მივიყვანე"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

– ბატონო მამუკა, რამდენიმე დღეა, საზოგადოება შოკიდან ვერ გამოსულა და იმ შემზარავ ამბავს უტრიალებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა. რას იტყვით თქვენ, რა ჭირს ჩვენს საზოგადოებას?

– რასაც ჩვენ ბულინგს ვეძახით – დაცინვა, დამცირება, ერთგვარი აგრესია, აბუჩად აგდება, არ არის უცხო არც ერთი საზოგადოებისათვის, ყველგან არის ეს, მეტ-ნაკლებად ბავშვებში გავრცელებული. ბავშვებში ეს აგრესია გამოწვეულია მათი ინფანტილიზმით. უბრალოდ, მათ არ იციან, რას ნიშნავს ტკივილი, ამას ყველაფერს გაუაზრებლად აკეთებენ. ბავშვობაში ყველას გყავს ბაყაყები გაბერილი და ბუზები დაწიწკნილი, ამას მეც ვაკეთებდი და ჩემ გარშემო ყველა ბავშვი.

– თუმცა, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, არ არის ბავშვური სისულელე. სპეციალისტებისგან მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს არის სადიზმი.

– მე ცოტა სხვა შეფასებას მივცემდი ამ ამბავს. ეს არის უფრო შიში. შიში, რომელმაც დაისადგურა არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ უფროსებშიც.

– რისი შიში? თავის გადარჩენის?

– არა მხოლოდ თავის გადარჩენის, არამედ ეს არის შიში დაუცველობის შეგრძნების. განვითარებულ ქვეყნებში ურთიერთობებს, რომლებიც იძაბება ინდივიდებს შორის, არეგულირებს სახელმწიფო, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ამისთვის არსებობენ. ეს არის პოლიცია, ეს არის სპეცსამსახურები, სამსახურები და ასე შემდეგ.

– ჩვენთან ასე არ ხდება?

– ჩვენთან სასამართლო და პოლიცია ყოველთვის იჭერს ძლიერის მხარეს. ამიტომ მე ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებ და მე ჩემი სიმართლის გასარკვევად და დასამტკიცებლად ან ავტორიტეტს უნდა მივმართო, ან მე თვითონ ვიძალადო. ეს ჩადებულია თვითონ საზოგადოებაში და ბავშვობიდან მოყვება. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ეს მახინჯი ქურდის ინსტიტუტი, რომელიც არკვევდა ჩვენ შორის ურთიერთობებს, იმიტომ, რომ სასამართლოს იმედი არავის ჰქონდა.

იგივე ხდება ბავშვებშიც. ბავშვი ცდილობს, თავის თავი თვითონ დაიცვას, ან მასზე ძლიერი დაიხმაროს და იძულებულია, თვითონვე იძალადოს. თუ ეს კრიმინალური მენტალიტეტი ყალიბდება საზოგადოებაში, რომ სასამართლო, სახელმწიფო და კანონი არ მუშაობს და მუშაობს რაღაცა კრიმინალური დათქმა და კრიმინალი მართავს საზოგადოებას, მაშინ გვიწევს კრიმინალით ცხოვრება. რომ მაპატიეთ და “ბოზობაა” დასმენა, პოლიციასთან თანამშრომლობა, ან შესჩივლო უფროსს, შესჩივლო მასწავლებელს და ასე შემდეგ, რომ ვიღაცა გჩაგრავს…

– ეს ცუდი ტონია, არ მოსულა?

– დიახ, ეს თურმე “ბოზობაა”! ეს არის პრობლემა თავად ჩვენი საზოგადოების. შენ ცხოვრობ არა სახელმწიფოს წესებით და კანონებით, არამედ კრიმინალური წესებით. ანუ ეს სახელმწიფო აღარ არის, ეს არის უკვე კრიმინალური “ხატა” და ეს იმართება კრიმინალური კანონებით და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ შენ კონსტიტუცია არ გაქვს!

– ამდენი თვითმხილველია, ამდენი მონაწილე და პოლიციასთან არ ითანამშრომლა თითქმის არავინ. ესეც ხომ სერიოზული პრობლემაა?

– ბავშვებმა შეიძლება არ ითანამშრომლეს, მაგრამ იქ მცხოვრებლებმა ითანამშრომლეს, მათ შორის იყო ჩემი მეგობარი ნიკა ვაჩეიშვილი. მათ ეზოში მოხდა. ნიკამ მითხრა, ზემოდან ვუყვიროდით მე და ჩემი მეუღლე, ჩასვლასაც კი ვერ მოვასწრებდით, ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდაო. ვერც კი დავინახე სახეები, ყველაფერი ფრაგმენტულად მახსოვსო. იმის ამოცნობაც კი გამიჭირდება, ვინ დაარტყა დანაო.

ერთი კვირა ან ათი დღე არის შოკის პერიოდი. ყველა შოკშია. გადაივლის ეს და ნელ-ნელა ამ ფრაგმენტების აწყობა მოხდება და უფრო კარგად გაიაზრებენ, ვინ, როგორ და რა იყო. უნდა ვაცადოთ შოკიდან გამოსვლა, ეს არ არის უბრალო რაღაც. ასე უმოწყალოდ დაჩეხეს ბავშვი. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა.

– რა სახის?

– მე შევესწარი ასეთ ფაქტს, ბავშვიც მყავს გადარჩენილი. ოთხი ლაწირაკი ბიჭი ჩეხავდა თავის თანატოლს ვერაზე, გამოვგლიჯე ხელიდან და საავადმყოფოში მივიყვანე. ეს საშინელებაა, ამის ყურება არის შეუძლებელი. ყველას არ ყოფნის ნერვები. კიდევ კარგი, რომ იმ 9 წელმა საზოგადოების რაღაც ნაწილში შეცვალა სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება და ხალხი არ არის მთლად ისე დაბეჩავებული, რომ შეეშინდეს და არ თქვას. თანამშრომლობა აუცილებელია. ან ჩვენ ვიცხოვრებთ კრიმინალური კანონებით და მაშინ არ გვექნება სახელმწიფო, ან ვიცხოვროთ იმ კანონებით, რომლებიც დათქმულია ჩვენ შორის და ეს დათქმა გახლავთ კონსტიტუცია.

– საზოგადოების დიდი ნაწილიც მოითხოვს, რომ სასჯელიც უნდა იყოს უმკაცრესი და სხვისთვის გაკვეთილი. რამდენად გამოდგება გაკვეთილად?

– ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავყოთ განსაკუთრებით სასტიკი დანაშაულები და ჩვეულებრივი დანაშაულები. მოზარდი რომ შოკოლადს მოიპარავს, ამისთვის სასტიკად მისი დასჯა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ამას მეორედ და მესამედ გაიმეორებს, ის უკვე რეციდივისტია. მის მიმართ კანონი უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ზრდასრულის მიმართ.

იტალიაში იყო პერიოდი, როდესაც მაფია ძალიან აქტიურად იყენებდა ბავშვებს. 10 წლის ბავშვები ხოცავდნენ ზრდასრულებს. იტალიამ შემდეგ მიიღო კანონი, რომ ბავშვებსაც ზუსტად ისე სჯიდნენ, როგორც ზრდასრულებს და შეწყდა ეს პრაქტიკა. როდესაც ასეთი სასტიკი დანაშაულები ხდება, ბავშვი უნდა დაისაჯოს მკაცრად. ან რაღა ბავშვია 16 წლის ოყლაყი? 16 წლის ასაკში ალექსანდრე მაკედონელმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო.

– მაინც რაში მდგომარეობს გამოსავალი, რა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას? სად არის გამოსავალი, რა უნდა გაკეთდეს, უპირველეს ყოვლისა?

– ზუსტად დღეს ვფიქრობდი მაგას, რომ დღეს ჩვენ დავმარცხდით.

– ვისთან, საკუთარ თავთან?

– დიახ, საკუთარ თავთან. ასევე ჩვენ დავმარცხდით გარე ძალებთან, დავმარცხდით იმ კრიმინალურ მენტალიტეტთან, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ჩვენი საზოგადოების უპირველესი პრობლემა გახლავთ ეს შიში და არასრულფასოვნების კომპლექსი. სამწუხაროდ, ჩვენ დავმარცხდით. ამ 9 წლის შემდეგ საზოგადოებამ დაიწყო სწორ გზაზე გადალაგება, მაგრამ მალევე შეეწინააღმდეგა საზოგადოება და ისევ თავის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნდა. ეს მდგომარეობა ჩვენთვის კი ჩვეული ჭაობია, მაგრამ მსოფლიო ტრენდიდან სრულიად არის ამოვარდნილი. ანუ მსოფლიო ვითარდება, მსოფლიო მიდის წინ და ჩვენ ვრჩებით ჭაობში.

– ჩვენი საზოგადოება არ არის მზად წინსვლისთვის?

– ჩვენი საზოგადოება არათუ მზად არ არის, არამედ ცდილობს, რომ რასაც შეჩვეულია, ისევ იქ ჩარჩეს. ეს აუცილებლად გაგვანადგურებს. ჩვენი ქვეყანა, ყოველგვარი გადამეტების გარეშე გეუბნებით, განადგურდება, უბრალოდ, აღარ იარსებებს.

გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და ვაღიაროთ, რომ დავმარცხდით.