არაბული სახელმწიფოები აშშ-ს – ”გააუქმეთ იერუსალიმის შესახებ გადაწყვეტილება!”

არაბული სახელმწიფოები აშშ-ს - ”გააუქმეთ იერუსალიმის შესახებ გადაწყვეტილება!”არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, რომელსაც ლიგა საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების დარღვევად აფასებს. ამის შესახებ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიერ მიღებულ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც დღეს, ეგვიპტეში, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
„აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა“, – ნათქვამია კომუნიკეში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს იერუსალიმის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით.
კომუნიკეს თანახმად, ვაშინგტონის შეცვლილი პოლიტიკიდან გამომდინარე, არაბული ქვეყნები მიჩნევენ, რომ აშშ-მა მოახდინა თვითიზოლაცია, როგორც რეგიონში სამშვიდობო პროცესის შუამავალმა.

ინტერპრესნიუსი