ბონდო აბაშიძე – “თბილისში გამოტანილი 10 თაფლიდან 9 ფალსიფიცირებულია”

ბონდო აბაშიძე - "თბილისში გამოტანილი 10 თაფლიდან 9 ფალსიფიცირებულია"კოოპერატივ “მუხურის ფუტკარის” გამგეობის თავმჯდომარე ბონდო აბაშიძე ბაზარზე თაფლის ფალსიფიცირების პრობლემაზე საუბრობს. როგორც მან საქმის კურსს განუცხადა, მისი ინფორმაციით თბილისში გასაყიდად გამოტანილი 10 თაფლიდან 9 ფალსიფიცირებულია.

კითხვაზე, რა აძლევს ამის თქმის საშუალებას, ფერმერი პასუხობს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში, რიგაში თაფლის 102 ნიმუში გაგზავნა, საიდანაც მხოლოდ 8 აღმოჩნდა უმაღლესი ხარისხის, აქედან ერთ-ერთი კი “მუხურის თაფლია”.
ბონდო აბაშიძე ამბობს, რომ მომხმარებელს პრაქტიკულად არ აქვს შესაძლებლობა ნადვილი თაფლი ფალსიფიცირებულისგან გაარჩიოს. ფერმერის განცხადებით, ამის პარალელურად კეთილსინდისიერი მწარმოებლები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებთან შედარებით.
საქმის კურსი აღნიშულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ თაფლის შემოწმება რიგის ლაბორატორიაში ყოველწლიურად ხორციელდება, თუმცა, დარღვევების რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. მათი მონაცემები მკვეთრად განსხვავდება ფერმერის მიერ მოწოდებული მონაცემებისგან.
უწყების ცნობით, 2016 წელს ლაბორატორიაში შესამოწმებლად გაგზავნეს თაფლის 104 ნიმუში და აქედან მხოლოდ 18 მათგანში აღმოჩნდა დარღვევები. წლევანდელი შედეგი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლიდან გამოკვლეულია თაფლის 369 ნიმუში, მათ შორის დარვევა გამოვლინდა 82 ნიმუშში (22%).

ბიზნესმედია