გაერომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

გაერომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირაგაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც  აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს. ტრამპის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს 14 წევრიდან არცერთი არ დაეთანხმა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ვეტოს უფლება აქვს. გაეროს სხდომაზე რეზოლუცია ან ერთობლივი განცხადება არ მიუღიათ.

გაეროში ეგვიპტის წარმომადგენელმა ამ გადაწყვეტილებას „საშიში პრეცედენტი“ უწოდა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლითაც ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. „იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გაეროს რეზოლუციებს არ შეესაბამება და რეგიონში მშვიდობის დამყარებას ხელს არ შეუწყობს,“- განაცხადეს ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა.

გაეროში აშშ-ის ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით კი, თეთრმა სახლმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად მშვიდობის დამყარების მიზნით აღიარა. „მე მესმის თქვენი შეშფოთება. ცვლილებების განხორციელები მძიმე პროცესია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რისი მიღწევა შეუძლია სიმართლეს,“- განაცხადა ჰეილიმ.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

ტრამპის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა.  რადიკალური გაერთიანება „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, ისრაელს ომით დაემუქრა.