გურამ რჩეულიშვილი – ”ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს”

გურამ რჩეულიშვილი - ”ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს”„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული სხდომა ვერ შედგა,

როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, ერთი თვეა “ცენტრ პოინტი” ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს. რჩეულიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა m2-მა და “ვილა რეზიდენსმა” ხელშეკრულების მოსამზადებლად იურისტთა ჯგუფიც დაიქირავა, დოკუმენტაციას გაეცნენ და ახლა კომპანია ინვესტორი კომპანიიდან ხელშეკრულების დრაფტის მოლოდინშია.

– ოთხი თვის განმავლობაში კომპანიების მხრიდან ობიექტების შესწავლა, გაცნობა და საბუთების შეგროვება მიმდინარეობდა. ბოლო ერთი თვეა მე ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, რომ მოგვაწოდოს ინვესტორმა კონტრაქტი. აქ ჩემი საქმე ფიზიკურად ამოწურულია და მეც ისეთივე მოლოდინის რეჟიმში ვარ, როგორც სხვები. ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი, როგორც დაზარალებულების, ისე მაიას და რუსოს მიმართ, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ბრალდებისა და ასევე დაცვის მხარის მტკიცებით, საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შედეგზე იქნება დამოკიდებული. იმისათვის, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგებას დათანხმდეს, კომპანიამ უნდა შეარჩიოს ინვესტორი, რომელიც შეჩერებულ მშენებლობებს გააგრძელებს.

“ცენტრ პოინტსა” და სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაკმაყოფილდება „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების ორი მთავარი მოთხოვნა, დაზარალებულების სრულად დაკმაყოფილება და მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლება.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ‘’ცენტრ პოინტი ჯგუფის’’ წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ნიუპოსტი