ლომარ ნიგურიანი მესტიის ბაზარში 39 წლის მ.ნ.-მ ჩაცხრილა – ახალი დეტალები ენმ-ს წევრის მკვლელობის ირგვლივ

ლომარ ნიგურიანი მესტიის ბაზარში 39 წლის მ.ნ.-მ ჩაცხრილა - ახალი დეტალები ენმ-ს წევრის მკვლელობის ირგვლივმესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის, მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყება 39 წლის ბრალდებულს ეძებს. გამოძიება კი ორი მუხლით მიმდინარეობს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ. ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით”- ნათქვამია განცხადებაში.