“საქართველოს ბანკიდან” ბრალდებულმა 5.415 ევრო, 8.353 დოლარი და 7.425 ლარი გაიტაცა

"საქართველოს ბანკიდან" ბრალდებულმა 5.415 ევრო, 8.353  დოლარი და 7.425 ლარი გაიტაცათბილისში, დადიანის ქუჩაზე, გუშინ საღამოს „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული დ.შ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5.415 ევრო, 8.353 ამერიკული დოლარი და 7.425 ლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- ნათქვამია განცხადებაში.