ციხის საგუშაგოდან გაქცეულ შეიარაღებულ ჯარისკაცს პატიმრობა შეეფარდა

ციხის საგუშაგოდან გაქცეულ შეიარაღებულ ჯარისკაცს პატიმრობა შეეფარდასასჯელაღსრულების დაწესებულების საგუშაგოდან სამსახურებრივი იარაღით ჯარისკაცი გაიქცა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, რუსთავის N17 ციხის გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს, ხოლო მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდეს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამინისტროს განცხადებით, ტ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით.

პირველი მუხლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, ხოლო მეორე – დეზერტირობას გულისხმობს, რასაც სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღის თან წაღება ამძიმებს. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, ახალგაზრდას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაკავებული ახალგაზრდა ამჟამად, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება”- აცხადებენ უწყებაში.