წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს – 12 სექტემბერს აქ თავი მოიკლა ბანკზე თავდამსხმელმა

წერეთლის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ოფისი დააყაჩაღეს - 12 სექტემბერს აქ თავი მოიკლა ბანკზე თავდამსხმელმათბილისში, წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი შეიჭრა, რომელსაც იარაღი ჰქონდა. წაღებულია თანხა, თუმცა არ კონკრეტდება, რა ოდენობის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ყაჩაღობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ბანკის ამ ფილიალში მოიკლა თავდამსხმელმა თავი 12 სექტემბერს. 12 სექტემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში იარაღის მუქარით 30 წლამდე ასაკის პირი შეიჭრა. მანამდე მან TBC-ბანკის დაყაჩაღებაც სცადა. მას შემდეგ, რაც მისი დაკავების ოპერაცია დაიწყო, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

ის პიროვნება წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იყო და თბილისში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

თანასოფლელების თქმით, სოფელში მხოლოდ ბიჭის დედა ცხოვრობს, მამა კი წლების წინ გარდაეცვალა. დაღუპულს ჰყავს ძმაც, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული. გარდაცვალებამდე მას დედისთვის დაურეკავს.

“დაურეკა დედას და უთხრა, ჩემ ძმას მიხედე, მე ასეთი ცხოვრება ავირჩიე, კარგად იყავითო. გაუთიშა ტელეფონი, მერე აქედან ურეკავდნენ და არავის აღარ აუღია იმის შემდეგ… ბავშვობაში ვერ ჰქონდა ფსიქიკა კარგად, მკურნალობდა, მერე რა მოხდა არ ვიცი. სამუშაოდ წავიდა უცხოეთში, ვერ იმუშავა. მერე ჩამოვიდა და თბილისში წავიდა”, – ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები.

იმედინიუსი